შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა გეგმა, რომელსაც ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია, სისხლის გუბეების დაყენება, ეს გეგმა იყო სინქრონიზებული უცხოელებთან

შალვა პაპუაშვილი

გეგმა არსებობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა, ის, რაც მოხდა ნეპალში და ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ ძალაუფლების თევზის დაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს გეგმა იყო აბსოლუტურად სინქრონიზებული უცხოელებთან და მათგან ორგანიზებული.

„დღეს ვხედავთ უკვე ჩირგვებში შემალულ რადიკალებს, ყველა ემიჯნება – არ ვიცოდი, არ მეგონა, უი, ეს რა დაგვემართა, გეგმა არ გამაცნეს, გეგმის პირველი გვერდი წავიკითხე, მეორეზე ვეღარ გადავედი, ვერ მოვასწარი, გეგმა არ არსებობდა და ა.შ. სინამდვილეში, იყო ძალიან გამართული გეგმა და აბსოლუტურად ცივსისხლიანად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება. შემთხვევით არ იყო გამოყენებული სიტყვა ნეპალი და შემთხვევით არ იყო აწყობილი პროპაგანდა ნეპალთან დაკავშირებით. გეგმა არსებობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა, ის, რაც მოხდა ნეპალში და ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ ძალაუფლების თევზის დაჭერა. გეგმა არ იყო რაღაც ნახაზების გაკეთება, გადმობირება რაღაც ჯგუფების, ბატალიონების და ა.შ. ვინაიდან ასეთი გეგმები ადვილად იშიფრება და პრევენციაც ხდება. გეგმა აწყობილი იყო სწორედ იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო ქაოსი, მასობრივი არეულობა, რომლის წინასწარი, ასე ვთქვათ, ტალღების განჭვრეტა რთულია, ორგანიზატორისთვისაც და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც, გეგმა იყო, ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ დაეჭირათ თავისი ძალაუფლების თევზი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გეგმა იყო აბსოლუტურად სინქრონიზებული უცხოელებთან და მათგან ორგანიზებული. ვნახეთ, წუთი წუთში რაც ხდებოდა თბილისში, როგორ ეხმაურებოდა ამას ზოგიერთი ევროპარლამენტარი – რასა იუკნევიჩიანე და მსგავსნი, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტი და როგორ აცდენილი იყო მათი გამოხმაურებები. თუ დააკვირდებით, საუბრობენ ძალადობაზე პოლიციის მხრიდან. მაგალითად, მიხაელ როთს პოსტში უწერია, რომ ძალადობაა, როდესაც ყველა ვხედავდით, რომ თბილისში აბსოლუტურად პირიქით იყო საქმე, იყვნენ მოძალადე ჯგუფები, რომლებიც უტევდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას. ასე რომ, გეგმა არსებობდა, გეგმას ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია და ნეპალის სცენარის მოწყობა, აქ სისხლის გუბეების დაყენება და იმ რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე 4-ში, ოთხ საათზე, ხელი მოაწერეს ზუსტად ამ გეგმას, როდესაც პაატა ბურჭულაძის და ზოდელავას მიერ გამოცხადებულ ნაბიჯებს ტაში დაუკრეს და ყიჟინით შეხვდნენ, როგორც ამას გამოცემა „პუბლიკა“ გვამცნობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.