თენგიზ შარმანაშვილი: ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა - მათ განცხადებას ვუპასუხებდი იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებენ, ანალოგიურ კანონზე რა კითხვები გაუგზავნეს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს

თენგიზ შარმანაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა და ავტორიტეტი აღარ აქვს.

„ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. შემიძლია ბევრი სამართლებრივი საკითხის ჩვენება, სადაც მათ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ბოლო წლებში ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა. მისი ავტორიტეტი აღარ არის. მათ განცხადებას ვუპასუხებდი იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებენ, ანალოგიურ კანონზე რა კითხვები გაუგზავნეს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს და რა შენიშვნები ჩაწერეს.

მათ ჩვენზე გაცილებით მძაფრი კანონი აქვთ, ამას ვერ ხედავენ და ჩვენ მოგვადგნენ? უფრო დემოკრატიულ კანონს ვიღებთ. ასე ურთიერთობა არ შეიძლება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.