შალვა კერესელიძე: ძალის გამოყენებით ფასების რეგულირება მოკლებულია რაციონალურ გადაწყვეტილებას, გთავაზობთ გეგმას, რომლის მიზანია სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება

შალვა კერესელიძე

საქართველოს სასურსათო ბაზარზე გამეფებულია მონოპოლია, რომელიც შერწყმულია სისტემურ კურუფციასთან და მხოლოდ კლანის წარმომადგენლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება, ექსკლუზიურად შემოიტანონ სასურსათო პროდუქტები და ხელოვნურად დააწესონ მაღალი ფასები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ფასების რეგულირება ძალის გამოყენებით მოკლებულია ეკონომიკურად რაციონალურ გადაწყვეტილებებს.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ გეკითხა, ხსენებული ყველა ვალდებულება იდიალურად სრულდებოდა და უფრო მეტიც, საერთაშორისო რეიტინგებით ბევრ ევროპულ სახელმწიფოებსაც კი ვუსწრებდით, თუმცა ხალხისთვის გასაგებ ენაზე ვერავინ ვერ ხსნიდა, რას ნიშნავს მყარდებოდეს ლარის კურსი და ამავე დროს ბაზარზე კატასტროფულად ძვირდებოდეს სურსათი, იზრდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და უმუშევრობის გამო, სამუშაოს საძიებლად ჩვენი მოქალაქეები გარბოდნენ საზღვარგარეთ და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული გყავდეს 708 ათასი „ღატაკი ოჯახი“, რომელიც მოსახლეობის 26%-ია.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა აძვირებს ფასებს სასურსათო მოხმარების პროდუქტებზე და როგორ ჩნდება 85%-იანი მარჟები? ნუთუ, არ გამოჩნდნენ ბაზარზე ახალი ბიზნესოპერატორები, რომლებიც 85%-იანი ფასნამატის ნაცვლად, თანახმა იქნებოდნენ 50% ან თუნდაც კიდევ უფრო ნაკლები ფასნამატით? სამწუხაროდ, ეს ვერ ხდება, რადგან საქართველოს სასურსათო ბაზარზე გამეფებულია მონოპოლია, რომელიც შერწყმულია სისტემურ კურუფციასთან და მხოლოდ კლანის წარმომადგენლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება,  ექსკლუზიურად შემოიტანონ სასურსათო პროდუქტები და ხელოვნურად დააწესონ მაღალი ფასები.

ფასების რეგულირება საბოტაჟზე საუბრით, კომისიების შექმნით, ძალის გამოყენებით და ა.შ. სრულიად მოკლებულია ეკონომიკურად რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ასეთმა უხეშმა ჩარევებმა შესაძლოა, გამოიწვიოს „ზამბარის ეფექტი“, ფასები დროებით შემცირება, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრი გაზრდა, ინვესტიციების გადინება, სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირება და ა.შ. პრობლემების მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების შექმნით ერთ თვეში და ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია, გადაწყდეს“, – აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველო“ მზად არის, კონკურენციის გაჯანსაღების რეალურ პროცესებში ჩაერთოს.

„ჩვენ გთავაზობთ გეგმას, რომლის მიზანია, სწრაფი ეფექტის მიღებით, საზოგადოებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება: ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი 1000 ლ. ოდენობით. ამ ცვლილებით 350 ათასზე მეტ ადამიანს გაეზრდება შემოსავალი. რეალურად ეს არის გზა, მშრომელი ადამიანის მდგომარეობა მცირედით მაინც გავაუმჯობესოთ; სამწუხაროდ ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ არის, პენსიების გასაზრდელი კი არა. სწორედ ამიტომ განხორციელდეს ყველა კატეგორიის  პენსიონერთათვის საბაზისო პენსიის ზრდა 200 ლ; მოხდეს  სოციალური შემწეობის ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად. რათა დახმარება სრულად აღარ „შეჭამოს“ ფასების ზრდამ; სამართლიანი გადასახადების შემოღებით, მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირება. სადაც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი იქნება 12%, საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობისთვის 20% და მაღალშემოსავლიანისთვის 25%. ეს გახლავთ, სოციალური სამართლიანობის პრინციპი. დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უნდა დავუტოვოთ მეტი ფული, ხოლო მაღალშემოსავლიანმა მოსახლეობამ, მათ შორის ხელისუფლების მილიონერმა ჩინოვნიკებმა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყნის სოციალურ უზრუნველყოფაზე.

დაბოლოს, ჩვენ მზად ვართ, ამ ცვლილებების დასაწყებად, ასევე მზად ვართ ჩავერთოთ კონკურენციის გაჯანსაღების რეალურ პროცესებში, როგორებიცაა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა;  გამართული ანტიმონოპოლიური საქმიანობა; ინფლაციის  შემცირება; ეროვნული ვალუტის გამყარება; ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა; სწორი ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს რეალური ცვლილებები და არა მორიგი პიარკამპანია, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს“, – განაცხადა კერესელიძემ.