საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ დაგვეწყო, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის, გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა.

„შედარებისთვის, 2012 წელს 450 მლნ ლარიდან წელს უკვე 1,450 მლრდ ლარამდე გაიზარდა. თითქმის, 1,500 მლრდ გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე მაგალითად მოიყვანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული დადებითი ცვლილებები.

„როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მლნ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, დაახლოებით 3 მლნ ადამიანს მოუწევდა 6,300 მლრდ ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, ან ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ასე შემდეგ. სახელმწიფოს მიერ 7 მლრდ ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა 6,300 მლრდ ლარი დაზოგა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.