საქართველოსთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელის აიჰან გაჯიზადეს თქმით, საქართველოსთან საზღვრის 2/3 უკვე შეთანხმებულია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„1996 წლიდან მოქმედი კომისია ორი ქვეყნის დელიმიტაციაზე მუშაობს და დღესდღეობით საზღვრის 2/3 ითვლება შეთანხმებულად. ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ საზღვართან დაკავშირებით ჩვენ შეუთანხმებელი, და არა საკამათო საკითხები გვაქვს. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ საზღვრის საკითხი მნიშვნელოვანი და რთულია თითოეული სახელმწიფოსთვის“, - თქვა მან.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე აზერბაიჯანი და საქართველო კეთილმეზობლურ ატმოსფეროში თანაცხოვრობენ.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთნდობაზე და მხარდაჭერაზე, წარმატებულად ვითარდება და მდიდრდება. სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა საერთო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ, ემსახურება არა მხოლოდ ორი ქვეყნის და ხალხების ინტერესებს, არამედ რეგიონისთვის უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს“, - დასძინა მან.