საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება - კელი დეგნანი

კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება", - ნათქვამია ელჩ კელი დეგნანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, მათ ჰქონდათ მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა „სამწუხაროდ, ეს არ ხდება“.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ „არის გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა“.