VIDEO: დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში ჩანთით 3 კილოგრამამდე „კოკაინი“ შემოჰქონდა

დააკავეს ქალი, რომელსაც საქართველოში სამგზავრო ჩანთით 3 კილოგრამამდე „კოკაინი“ შემოჰქონდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.