საქართველოს ყოველთვის ჰქონდა გაცხადებული მზაობა, რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა  - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

„დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებშიც იქნება განხილული, როგორ შეიძლება, საქართველომ მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით“, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა 6 ოქტომბერს პრაღაში ნიკოლ ფაშინიანს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ილჰამ ალიევს, ემანუელ მაკრონსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრას, რა დროსაც ისაუბრეს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა ითაონ.

ილია დარჩიაშვილის თქმით, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია საყოველთაოდ არის ცნობილი და ილჰამ ალიევის ვიზიტის ფარგლებშიც ამასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

„როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, საქართველოს პოზიციაა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა გაცხადებული მზაობა, რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა. ამ ვიზიტის ფარგლებშიც იქნება შესაძლებლობა, განხილულ იქნას ეს საკითხები, რათა საქართველომ თავისი კონტრიბუცია ჰქონდეს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებშიც იქნება განხილული, როგორ შეიძლება, საქართველომ მეტი წვლილი შეიტანოს იმ მიმართულებით, რაც ჩვენი საერთო ინტერესია რეგიონში –  მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.