საქართველოს „მწვანეთა პარტია“, არის „ევროპის მწვანეთა პარტიის“ დამფუძნებელი, გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები დასავლეთიდან თანხების მოსაზიდად, რათა თქვენი პრობლემები გადავწყვიტოთ - გიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძე

საქართველოს „მწვანეთა პარტია“, არის „ევროპის მწვანეთა პარტიის“ დამფუძნებელი, გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები დასავლეთიდან თანხების მოსაზიდად, რათა თქვენი პრობლემები გადავწყვიტოთ“, – ამის შესახებ „მწვანეთა პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს „მწვანეთა პარტიამ“ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას.

„მე გახლავართ გიორგი გაჩეჩილაძე, ყველასთვის ცნობილი პარტიის, „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი, რომელიც ახლა ცდილობს, როგორმე თბილისი გადაარჩინოს იმ ჯოჯოხეთისგან, რომელიც აქ ტრიალებს. მოგეხსენებათ, საქართველოს „მწვანეთა პარტია”, არის „ევროპის მწვანეთა პარტიის“ დამფუძნებელი და ამავე დროს, ჩვენ ვართ მისი მმართველი საბჭოს წევრები. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, თუნდაც ფინანსური დასავლეთიდან თანხების მოსაზიდად, რათა თქვენი პრობლემები გადავწყვიტოთ.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მთელ გარემოსდაცვით კანონმდებლობას საქართველოში. მარტო ის რად ღირს, რომ ჩემი ავტორობით კონსტიტუციაში არის შესული მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს საქართველოში მისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. დაგვიჭირეთ მხარი, რომ გადავარჩინოთ თბილისი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.