საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა – „დოკუმენტი აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები, გადაწყვიტოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს“

საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა

საქართველო იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი 12 ნოემბერს დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, საფრანგეთის ინიციატივით, შეთანხმდა.

ხელმომწერთა სრული სია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციაზე მიერთებით საქართველომ, სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერა. დოკუმენტი ასევე აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები და თავად გადაწყვიტოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს.

დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინას. ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობის პირობები უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერშეტევების, უცხოური საინფორმაციო ჩარევის, ტერორიზმის, ნარკოტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.

ამასთან, ნატო-ს წევრი ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებენ, რომ ალიანსი მათი კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად რჩება. დეკლარაციაში ხაზგასმულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ახალი სამხედრო ალიანსის შექმნას არ ითვალისწინებს და ხელმომწერ ქვეყნებს კოლექტიური თავდაცვის ავტომატურ ვალდებულებას არ აკისრებს. დეკლარაცია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების მხარდაჭერას ემსახურება.

დუბლინის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

✕