1732386875
საქართველო არის ოკუპირებული და თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ ქვეყნის დეოკუპაციასა და მშვიდობიან განვითარებაზე - რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს არასოდეს ავიწყდება, რომ საქართველო ოკუპირებული სახელმწიფოა.
„დიახ, საქართველო არის ოკუპირებული და თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ ქვეყნის დეოკუპაციასა და მშვიდობიან განვითარებაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეხვედრების ყველა ოთახს ოკუპირებული ტერიტორიების სახელი ჰქვია.
იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა არაფერია, თუ არა ყველა მოგებული დავა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ, „რითაც ერთხელ და სამუდამოდ არის დადასტურებული საქართველოს სიმართლე და ჩვენი გმირი სამხედროების სწორი და გამართული მოქმედება“.
იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლითაც გამოიკვეთა 4 პირის ბრალეულობა, რომლებიც იყვნენ მოწინააღმდეგე მხარეს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე.
„ეს გამარჯვება, დიახ, მოპოვებული იყო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში“, – აღნიშნა მინისტრმა.