21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონებში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, 2026 წლის 1 მარტს გაუქმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განმარტებით, არსებული მოცემულობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და სხვა კანონები ორი დაწესებულების - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებს აწესებს და განსაზღვრავს, რომლებსაც კონსტიტუციური საფუძველი არ აქვთ, აუდიტის სამსახური კი კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოა.
მისივე თქმით, სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, წინა სესიაზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები პროკურატურას გადასცა, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 32 კანონში, მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.