სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დაუმოკიდებლობაზე.

როგორც მერმა ჟურნალისტებს ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებული  კითხვის პასუხად განუცხადა, ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მოლოდინიც გვაქვს, ეს არის ურთიერთობების გადატვირთვა. ამერიკას  ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ბოლომდე დაამარცხოს „დიფ სტეიტი“, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში. შევძლებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, ურთიერთობების გაღრმავებას - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აშშ-თან. სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ყველაფერისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში და მოვახდინოთ ეკონომიკური გაძლიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადმოიტანა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თანხები ოფშორებიდან, კალაძე პასუხობს, რომ ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ საკუთარ თანხებზე უარი თქვა.

„თქვენ რამდენიც არ უნდა იჭორაოთ და რაც არ უნდა მოიგონოთ, ფაქტი არის ერთი: ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებდნენ მისი პირადი თანხებით, რომ დაეთმო ქვეყნის ინტერესი. ეს არის კონკრეტული ფაქტი, როდესაც მას დაუყადაღეს თანხები იმის გამო, რომ მან არ გადადგა ის ნაბიჯი, რაც უნდოდათ ქვეყნის მტრებს, რაც უნდოდა „დიფ  სტეიტს“ და მათ წარმომადგენლებს. ქვეყანაში არ გაჩაღდა ომი, არ გაიხსნა მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ამის გამო ადამიანმა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, უარი თქვა თავის თანხებზე, რამდენიმე მილიარდზეა საუბარი. ის არ დაექვემდებარა შანტაჟს და არ დათმო ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.