სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას - კობახიძე

კობახიძე

ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, რაც სამწუხაროა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. კობახიძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება.

„სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის ფაქტები. სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ასეთი რამ. ასევე იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა რისი განხორციელების უფლებაც მას კანონის შესაბამისად აქვს.

ჩვენ გვესმის რომ მაღალი აქტივობა რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამომრჩევლისთვის და ამომრჩევლის მობილიზებისთვის ხელშეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში ამ არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.