სალომე ზურაბიშვილი უკვე რეციდივისტად ჩამოყალიბდა იმ გაგებით, რომ გამუდმებით არღვევს საქართველოს კონსტიტუციას - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„გაუგონარს“ უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკაში სიმბოლური უფლებების მქონე პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მიუხედავად, ის არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სეფაშვილმა განმარტა, პრეზიდენტის ეს განცხადება კონსტიტუციისა და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის მცდელობაა, რაც აზიანებს არა მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკურ კარიერას, არამედ ქვეყნის იმიჯს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი ბოლოს მაინც მოუხმობს გონიერებას და ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„გაუგებარი და გაუგონარია მისი განცხადება. სალომე ზურაბიშვილი უკვე რეციდივისტად ჩამოყალიბდა იმ გაგებით, რომ გამუდმებით არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არავის გაუგია, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ევალება კონსტიტუციის დაცვა მუდმივად არღვევდეს მას და არაფრად მიაჩნდეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და საკუთარი ხალხის ნება. თუმცა, როგორც ჩანს, ის არ მიიჩნევს საქართველოს საკუთარ ქვეყნად და არც ქართველი ხალხის ნებაა მისთვის მნიშვნელოვანი. ის ერთ-ერთი ჩვეულებრივი აგენტი აღმოჩნდა თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე. ზურაბიშვილი დიდი მონდომებით ცდილობს რამენაირად ჩაუდგეს სათავეში ოპოზიციურ მოძრაობას. თუმცა, ძალიან დიდი რესურსი მას არ აქვს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ამას ვერ მოახერხებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და ქვეყანა ახალ პრეზიდენტს აირჩევს," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუკი ზურაბიშვილი არ დატოვებს ორბელიანების სასახლეს, მოხდება თუ არა სამართალდამცავების ჩართვა, დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

„იმედი მაქვს, რომ საქმე ასე არ გართულდება, იმიტომ, რომ ასეთი ფორმით მისი წასვლა თანამდებობიდან მართლაც ძალიან სამარცხვინო შავი ლაქა იქნება არა მარტო მის კარიერაში, არამედ საქართველოს ისტორიაშიც, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ზოგადად ქვეყნის იმიჯს აზიანებს. არავისთვის კარგი არ იქნება ეს. ასე რომ, იმედი მაქვს, ბოლოს მაინც მოუხმობს გონიერებას და ასეთ უგუნურობას არ ჩაიდენს. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და სულ მალე ვიხილავთ ყველაფერს," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.