საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

არჩევნები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან, ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

ცესკოს განკარგულებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. კენჭისყრა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა ისინი, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შეიკრიბა საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილებები; ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის (პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლე, გახარია საქართველოსთვის პარტიიდან) უფლებამოსილება, აგრეთვე გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია.

აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებების მოქმედება სასამართლომ შეაჩერა. ამჟამად საქმე კვლავ სასამართლო განხილვაშია, ხოლო სენაკის საკრებულოს სხდომის ჩატარება 23 თებერვლის შემდეგ აღარ უცდია.

სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.