რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად კოლასმა აღნიშნა, რომ ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია, ხოლო ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელი. მისივე თქმით, რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, აბსოლუტური ტყუილია.
ხუნდაძის შეფასებით, კოლასი შეეცადა სიმართლე ჩაეხშო და ქვეცნობიერში „ხალხის ძალის“ წევრებს ურჩია, გაჩუმებულიყვნენ:
„საფრანგეთის ელჩის ამ განცხადებას შევაფასებდი იმდაგვარად, რომ ის შეეცადა სიმართლე ჩაეხშო და ქვეცნობიერში ალბათ გვირჩია, რომ გავჩუმებულიყავით. ის ამბობს, რომ კელი დეგნანი არის მისი მეგობარი და იცავს მას.
საფრანგეთის ელჩი თუ კელი დეგნანს იცავს იმის გამო, რომ მისი მეგობარია, ჩვენ საქართველოს ვიცავთ იმის გამო, რომ ჩვენი სამშობლოა. ის ამბობს, რომ თითქოს ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა არის უსაფუძვლო და ტყუილი. მინდა გითხრათ, რომ ის კულისებში საუბრებს არ ესწრებოდა, სადაც ამ თემებზე იყო საუბარი და მაინტერესებს, იქ სადაც არ ესწრებოდა, როგორ აკეთებს ამაზე კომენტარს.
კულისებს გარეთ კი მრავლად იყო ომში საქართველოს მიპატიჟებები, აქაც მაინტერესებს ამაზე რას იტყვის, იმიტომ რომ მე მისი არცერთი განცხადება არ მახსენდება ამასთან დაკავშირებით.
ასევე, კოლასი ამბობს, რომ ეს არის ანტიდასავლური განცხადებები და აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. მაინტერესებს, ის ეძახის თუ არა ანტიდასავლურ განცხადებებს პოლონეთის პრემიერის შეფასებებს, როცა ამბობს, „ევროკავშირში ქაღალდზეა ყველა სახელმწიფო თანაბარუფლებიანი და ევროკავშირი მხოლოდ სახელით არის დემოკრატიული“.
ასევე, იქ აღნიშნავს პოლონეთის პრემიერი თავის განცხადებაში, რომ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან. ასევე, მისი განცხადების ნაწილია, რომ ევროკავშირში საფრანგეთი დომინანტია და ძალაუფლება არის ძლიერის მხარეს და ხშირად მათი გადაწყვეტილებები წონის.
ასევე, მაინტერესებს როგორ შეაფასებდა ის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის მხრიდან მიღებული.
მას, ასევე, შევახსენებ 2006 წელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იხილებოდა, მაშინ როგორც მახსოვს საფრანგეთი ამის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო და გაწევრიანების საკითხი მაშინ შეჩერდა. შემდეგ ამას მოჰყვა 2008 წლის ომი, რაც ვფიქრობ, 2006 წლის გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად ხელი ვერ შეუწყო იმას, რომ ეს აგრესია თავიდან აცილებულიყო.
ასეთ შეუსაბამო რეაქციებს დასავლეთის მხრიდან მოჰყვა უკვე, რასაც ვუყურებთ ჩვენ უკრაინაში, რომ რუსეთი ინტერვენციას ახდენს. ვფიქრობ, მხოლოდ კოლეგიალური თანადგომა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი მძიმეწონადი შეფასებები გაკეთდეს.საჭიროა ყველა გადაწყვეტილებას, განცხადებას, ერთიან კონტექსტში გაუკეთდეს ანალიზი და შემდეგ გაკეთდეს, ვთქვათ, ამდაგვარი ტიპის განცხადებები, მით უმეტეს, როცა ამას აკეთებს ევროკავშირის ერთ-ერთი წონადი სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, საფრანგეთის ელჩი“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე