როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი ღამის განმავლობაში - სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა, დაახლოებით, ღამის 2 საათისთვის დაიწყო

აქცია რუსთაველზე

სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა, დაახლოებით, ღამის 2 საათისთვის ჭიჭინაძის ქუჩიდან დაიწყო.

ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა ნივთი - ბოთლები, ქვები და კვერცხები ისროლეს, სკანდირებენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

პარალელურად, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად ხელს, ფეხსა და სხვადასხვა ნივთებს ურტყამდნენ, გარდა ამისა, პარლამენტის შენობას საღებავიც შეასხეს.

ამის შემდეგ, პოლიციამ სპეციალური ხმოვანი შეტყობინებით შეკრებილები მოსალოდნელი დაშლის შესახებ გააფრთხილა.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა წერილობითი მიმართვაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.

დემონსტრაციის დაშლის დროს განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმმა გამოიყენა მის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზის ყუმბარები, წიწაკის სპრეი.

დაშლის დაწყების შემდეგ პოლიციამ ეტაპობრივად გაათავისუფლა ჭიჭინაძის, ჩიტაძისა და რუსთაველის გამზირის სხვა მიმდებარე ქუჩები - მათ შორის ქაშვეთის შიდა და გარე ტერიტორია.

დილის 5 საათისთვის რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სასტუმრო “მერიოტის“ მიმდებარედ იყვნენ შეკრებილი, კიდევ ერთხელ გამოიყენა პოლიციის სპეციალური საშუალებები - იყო დაკავებების მორიგი ტალღაც. საპასუხოდ დემონსტრანტები სამართალდამცველის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ბრძოლა არ შეწყდება და საბოლოოდ ხალხის გამარჯვებით დასრულდება.