როგორ იგეგმება „ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტება - „ვერ ნახავთ ვერცერთ მოქმედ პოლიტიკოსს და აქციის მონაწილეს“

გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომასა და ეროვნული თანხმობით, მთავრობის შექმნას ითხოვს. ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა 3 ივლისს იწურება.

მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რას გეგმავს მოძრაობა, საკითხზე „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი „პრაიმტაიმთან“  საუბრობს: 

„კონსტიტუციით არის განსაზღვრული ჩვენი ევროატლანტიკური კურსი, რომელსაც ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს და სწორედ, ამიტომ დადგა დღის წესრიგში შესაბამისი ცვლილებები. საქმე უნდა აკეთონ საქმის მცოდნე პროფესიონალებმა.

ტექნიკური მთავრობის წევრთა ვინაობა არ არის ცნობილი, საერთო ეროვნული თანხმობით უნდა შედგეს ეს შემადგენლობა. არცერთი მოქმედი პოლიტიკოსი, რომელსაც ბოლო ორ არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ვერ მოხვდება ამ მთავრობაში. ასევე, მთავრობის შემადგენლობაში არ იქნებიან აქციის ორგანიზატორები და ის ხალხი, ვისაც სცენაზე ხედავთ საპროტესტო აქციის დროს“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

კითხვაზე, რა მოხდება მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, იქნება თუ არა „აყირავება“, როგორც ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ წევრი თაკო ჩარკვიანი საუბრობს - მაქარაშვილი გვპასუხობს:

„მაგასაც ვნახავთ. თუ არ გადადგა, მერე ვილაპარაკოთ, რა მოხდება. რამდენიმე წელია თქვენ და სხვა მედიებიც იძახით, რომ აყირავება იქნება, მაგრამ... დეპუტატების ნალაპარაკებზე პასუხს მე რატომ მთხოვთ?“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.