მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ "პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალდებულებაა, ხმა აიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ". მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ კატეგორიულად დააფიქსირა პოზიცია.
"როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და სუვერენიტეტს, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალდებულებაც კი არის, რომ ხმა აიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. შესაბამისად, როგორც შეეფერება ღირსეული ქვეყნის ღირსეულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძემაც კატეგორიულად დააფიქსირა ჩვენი პოზიცია. როდესაც ჩვენ მიმართ აკეთებენ განცხადებებს თუ იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და უნდა იყოს სამართლიანი. მიუღებელია, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები, როგორც სანქციაა, გამოყენებულია ჩვენი სამართალდამცავების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ, რომ ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი თითოეული მოქალაქისთვის. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც, მინიმუმ ორჯერ, რევოლუციის მცდელობა აღკვეთეს ქვეყანაში. მათ მიმართ განხორციელდა ეს სანქცია. შესაბამისად, უსამართლობას არასდროს არ აქვს ხოლმე გამართლება და ჩვენმა პრემიერმაც დააფიქსირა, რომ ასეთი ქმედებები მიუახლოვდა უკვე იმ კრიტიკულ ზღვარს, რომელი ზღვრის იქითაც უკვე ურთიერთობების გადახედვაც შეიძლება იყოს მოსალოდნელი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო. აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. მთავრობის ცნობითვე, ითქვა ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პირიქით, გაზრდის საზოგადოების მოტივაციას 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.