პოლიტიკურ პარტიას ეხება, პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება და რა საკვირველია პოლიტიკური ნიშანიც ამ საკითხს დასდევს თან, მაგრამ ეს პროცესი სამართლებრივია - გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე

ვოლსკი

იმსჯელებს სასამართლო, ვფიქრობთ, რომ ამ მსჯელობის საფუძველი არსებობს და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელს დაემატა გახარიას პარტია, რადგან ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია.

„პოლიტიკურ პარტიას ეხება, პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება და რა საკვირველია პოლიტიკური ნიშანიც ამ საკითხს დასდევს თან, მაგრამ ეს პროცესი სამართლებრივია. პოლიტიკური გაერთიანების ქოლგის ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი თემა იგნორირებული უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ მთავარი საფრთხე მომდინარეობს იმ მთავარი თემიდან, რომელიც წარმოშვა გარკვეულმა სტრატეგიამ, დაფინანსებულმა და გარედან მხარდაჭერილმა, რომელიც გულისხმობს, საქართველოში კანონიერი არჩევნების არ აღიარებას და შესაბამისად, მცდელობას იმისა, რომ იზოლირებული იყოს ჩვენი ქვეყანა, დაიძაბოს შიგნით ვითარება და ამას რა საკვირველია უნდა მოჰყვეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც წარმოშობს შემდგომი პროცესის განვითარებას, ხელისუფლების ცვლილებას, რასაც უნდა მოჰყვეს იმ ამოცანების შესრულება, რასაც ღიად გვიხატავენ და გვაძალებენ გარედან ანუ ამ გლობალური დაპირისპირების პროცესში ჩართვას.

მიუხედავად იმისა, რომ აღარ დარჩა არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირი და 3 ათასამდე დამკვირვებელი, რომელმაც თქვა, რომ კონკურენტუნარიანი იყო და რომელმაც მიუთითა იმაზე, რომ ელექტრონული არჩევნები არის ის მიღწევა, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ვერ გაყალბდება. ამის საპირისპირო პოზიციით ყოფნა პოლიტიკურ ველზე გვაძლევს საფუძველს, რომ ეს სწორედაც ის საერთო გეგმაა, რომელიც წამოიწყო კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სიბრტყეებში ჩართული არიან სხვადასხვა ძალები, მათ შორის ახლა გამოიკვეთა ამ კონკრეტული პარტიის [გახარიას პარტია] საკმაოდ არაორაზროვანი პოლიტიკა საქართველოს კონსტიტუციის], საკონსტიტუციო წყობის ლეგალურობის თაობაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შევიდა. ასაკრძალი პოლიტიკური პარტიების სიას „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა.