"რეჟიმი გასამართლდება თავიდან ბოლომდე და პირობა, რომელიც დავდეთ, ბოლომდე მივა, უბრალოდ, მანამდე, მორიგ ჯერზე, ქართველი ამომრჩეველი რეჟიმს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაასამართლებს" - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

 "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიტანს. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.

"ქართული ოცნება" თვლის, რომ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი. მმართველ გუნდში განმარტეს, რომ საგამოძიებო კომისიისთვის მხოლოდ 3-თვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის მოსწრება, თუმცა კომისიის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. შესაბამისად, "ნაცმოძრაობას" კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

"ჩვენ ვთქვით, რომ რეჟიმი გასამართლდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ. უბრალოდ, თემა რა არის - იმდენად მასობრივი, მრავალრიცხოვანი არის ეს განცხადებები. სანამ თქვენთან ვდგავარ, კიდევ შემოდის ასობით და ათობით განცხადება ამ რეჟიმის სისასტიკის შესახებ. ვის ოჯახის წევრი მოუკლეს, დაუსახიჩრეს, ვის ბიზნესი წაართვეს, ვის აშანტაჟებდნენ, სიგიჟეებია, არც გჭირდება, რომ ის განიხილო, ისეთები წერია და ისეთი ისტორიებია, რომ მოყოლაც კი გვერიდება ამის ისეთი ამბები ხდება. ამიტომაც გახდა აუცილებელი, რომ ჩვენ გავახანგრძლივეთ კომისია კიდევ 1 თვით და მიუხედავად ამისა, აქ არის პროცედურები, ვერ ესწრება. საკონსტიტუციოს ხომ თავისი პროცედურები აქვს, შევიტანთ სარჩელს და ეგრევე ხომ არ დაიწყებს. ამიტომ ვუთხარით ჩვენ, რომ არასწორი მოლოდინები რომ არ შევქმნათ. რეჟიმი გასამართლდება თავიდან ბოლომდე და ეს პირობა, რაც დავდეთ ბოლომდე მივა. უბრალოდ, მანამდე ამ რეჟიმს ადგილობრივ თვითმმართველობაში გაასამართლებს უკვე მორიგ ჯერზე ქართველი ამომრჩეველი. შემდეგ უკვე, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი წესით და კანონით, როგორც აქვთ ვადაში გაწერილი, ისე მიიღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.