რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა

პარლამენტი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმებების ვადის გაგრძელების საკითხები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტს „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ გააცნო. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, სესხის დახურვის და პროექტის დასრულების ვადა გრძელდება.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წონის კონტროლის დინამიური სისტემის საპილოტე პროექტი და გზების მოვლა-შენახვის სტრატეგიისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის მოსამზადებლად, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რის გამოც პროექტის დასრულების ვადად 2025 წლის 30 ივნისის ნაცვლად 2027 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა.

სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ტენდერის ჩაშლამ და ტექნიკური დავალებების ნაწილის შეუსრულებლობამ პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივება განაპირობა. წარმოდგენილი წერილ-შეთანხმების თანახმად, პროექტის დასრულება 2025 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად 2028 წლის 31 მაისს იგეგმება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.