პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული ვითარება იყო.
სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე იერიშებს უკრაინული მხარე ახორციელებს. პუტინმა ასევე მხარი დაუჭირა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს არაპოლიტიზებულ ჩართულობას.
თავის მხრივ, მაკრონმა პუტინთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია.
„მაკრონმა აღნიშნა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე რისკების მიზეზი რუსული ოკუპაციაა, რომელიც ელექტროსადგურის მთლიანობას უშლის ხელს. მან სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსულმა ძალებმა მძიმე ტექნიკა გაიყვანონ და დაიცვან საერთაშორისო ატომური სააგენტოს რეკომენდაციები“, – ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაკრონმა და პუტინმა შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრეს. პუტინმა განაცხადა, რომ მარცვლეული, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების საჭიროებისკენ უნდა იყოს მიმართული.