წარმატებული კონტრშეტევები და სულ უფრო მეტი გათავისუფლებული ტერიტორია - რა ვითარებაა უკრაინაში ომის მე-200-ე დღეს

ომი უკრაინაში

მას შემდეგ, რაც ხარკივის ოლქის დასახლებები უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს, ოლქიდან რუსული წარწერები და დროშები ქრება.

ხარკივისა და ხერსონის ოლქებს ოკუპანტები ტოვებენ. კრემლში ამტკიცებენ, რომ ეს ტაქტიკური უკანდახევაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტაქტიკური უკან დახევის დროს, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები რჩება, რომლებიც უკრაინელი სამხედროების ტყვეობაში არიან.

ამბიციური გეგმა აქვს და მის აღსრულებაში დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მალე მისი სამშობლო ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

ოკუპანტების ადგილი რომ ლუჰანსკის ოლქში არ არის, ამაზე საუბრობს ოლქის გუბერნატორი. მიუხედავად იმისა, რომ ლისიჩანსკს სრულად უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ, რამდენიმე ქალაქი კი ოკუპირებულია, სერგეი გაიდაი მოსახლეობას უახლოეს პერიოდში კარგი ცნობების გავრცელებას ჰპირდება.

კარგი ამბები გაავრცელა დღეს უკრაინის გენერალურმა შტაბმა. თუმცა, უწყებაში ისიც თქვეს, რომ ლისიჩანსკში, რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

სწორედ საჰაერო და სარაკეტო დარტყმებია რუსეთის პასუხი უკრაინის კონტრშეტევებზე. ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. არიან დაშავებულები.

ომის დაწყებიდან მე-200-ე დღეს განსაკუთრებულ სამიზნედ რუსეთისთვის ისევ ხარკივი რჩება. დაბომბვის შედეგად იქ 1 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა. 4 მშვიდობიანი მოქალაქე კი, დნეპროპეტროვსკში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიჭრა.

ვითარება ისევ კრიტიკული რჩება ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც "ენერგოატომის" ინფორმაციით, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე მეექვსე ენერგობლოკი ქსელიდან გაითიშა და სადგური დაიხურა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და მსოფლიო ლიდერები უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციას. ოლქში კი უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა დღეს არაერთხელ გაისმა.