1775072520
რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? არავის დაკავება არ მიხარია, მაგრამ ჩვენ ყველა ზრდასრულები ვართ, ჩვენს გადაწყვეტილებებზე თავად ვართ პასუხისმგებლები - კახა კალაძე
„რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება?! რა თქმა უნდა, არავის დაკავება არ მიხარია, მაგრამ ჩვენ ყველა ზრდასრულები ვართ, პატარები არ ვართ, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ქმედებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, რა თქმა უნდა, თავად ვართ პასუხისმგებლები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, ბანერის დაზიანებისთვის, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
„აღნიშნული საქმე არის სპეკულაცია და ეს ძალიან კარგად იცის თავად ელენე ხოშტარიამ. განცხადებები მოვისმინეთ ზოგიერთი ელჩის მხრიდან, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ახალისებენ ამ ბოროტებას, აღვივებენ და ხელს უწყობენ პოლარიზაციას ქვეყანაში.
ეს ექსტრემისტული დაჯგუფება, რაც არის, რა თქმა უნდა, იმართება გარედან, რა მითითებებსაც აძლევენ, იმას აკეთებენ, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, უსამშობლო მოღალატეების ჯგუფი, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენია, ჩვენს წარსულს, კულტურას, ტრადიციებს - ყველაფერს ებრძვიან. იმართებიან გარედან, წლების განმავლობაში ფინანსდებოდნენ გარედან.
რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ეს ხომ არ არის უბრალოდ ფოტოს, ნახატის გაფუჭება, კონკრეტულ ქმედებებს, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ მოცემულობაში, შესაბამისი შეფასება ეძლევა. ეს იყო საარჩევნო კამპანია და მიზანმიმართული ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს.
ამ მიზანმიმართულ ხელის შეშლას ახალისებდნენ გარედან, ახალისებდნენ ისევ ის ვითომ დიპლომატები, ვინც ქვეყნის შიგნით ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ. ისინი აფინანსებენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, თავიანთი განცხადებებით ხელს უწყობენ ამ ტიპის ქმედებებს.
თუ მოგისმენიათ ერთი განცხადება რომელიმე ევროპელი ელჩისგან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც არჩევნების დროს ხდებოდა საარჩევნო შტაბის წინ - მისვლა, გინება, ფურთხება, ბანერების დაზიანება, შეურაცხყოფა და ა.შ. არავის განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. განცხადებებს რანაირად გააკეთებდნენ თავად აფინანსებდნენ ამ ყველაფერს და მიუთითებდნენ ამგვარ ქმედებებზე.
რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება?! რა თქმა უნდა, არავის დაკავება არ მიხარია, მაგრამ ჩვენ ყველა ზრდასრულები ვართ, პატარები არ ვართ, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ქმედებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, რა თქმა უნდა, თავად ვართ პასუხისმგებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.











