რატომ აღარ ჩანს ზაალ უდუმაშვილი მედიასთან - გაუნაწყენდა, თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობას“

უდუმაშვილი

სად გაქრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი? - მას შემდეგ, რაც პარტიის გადაწყვეტილებით, უდუმაშვილს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს, ის მედიასთან აღარ გამოჩენილა. პოსტის ჩამორთმევის შემდეგ ხომ არ განაწყენდა უდუმაშვილი და ხომ არ აპირებს პარტიიდან გასვლას ან პოლიტიკის დატოვებას? - „პრაიმტაიმი“ ამ კითხვებზე საპასუხოდ უდუმაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მედიასთან არ ჩანს, პარტიულ საქმიანობას აგრძელებს, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ პარტიის წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

„ზაალი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი. ის, ასევე არის დეპუტატი და ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას“, - გვითხრა შაშკინმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, რომან გოცირიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უდუმაშვილი ამჟამად კიევში იმყოფება. 

„ზაალი თბილისში არ არის, ის კიევშია, იქ განვითარებული მოვლენების გამო. მას პარტიაში სხვა პოსტი ექნება, თუმცა ამ საკითხებზე სხვას გაესაუბრეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში მეზობელი ქვეყნის მხარდამჭერ შეხვედრებს მართავენ. პარტიის წევრების მიერ ქვეყნდება შესაბამისი ფოტოებიც, თუმცა ზაალ უდუმაშვილი არც ერთი შეხვედრის ამსახველ სურათზე აღბეჭდილი არ არის. 

ცნობისთვის, პარტიის გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ზაალ უდუმაშვილს დაატოვებინეს და მისი ადგილი პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაიკავა.

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი კობა ნაყოფია გახდა, ის 2019 წლიდან ამ დრომდე პარტიაში აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა. კობა ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა, ენმ-ის გენერალური მდივნის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.