რატი იონათამიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სურსათზე ფასების რეგულარიზაციაზე და მისაწვდომობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ინიციატივის შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახში შევა და მის სიკეთეს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს

რატი იონათამიშვილი

წლის ბოლოს ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პრემიერის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სურსათზე ფასების რეგულარიზაციაზე და მისაწვდომობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ინიციატივის შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახში შევა და მის სიკეთეს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფორმატში აქტიურად იმუშავებს ამ საკითხზე.

„მთავარია ის, რომ თითოეული პროდუქტის ფასი უნდა იყოს სამართლიანი და უნდა ეფუძნებოდეს იმ სტანდარტებს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის, რადგან მთავარი არის საზოგადოების ინტერესი და არა ნებისმიერი სხვა მოთამაშის.

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ორჯერ და სამჯერ მეტია მოგების მარჟა საქართველოში, ვიდრე სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში და ფასნამატი 100 და 200%-ით მეტია, რა თქმა უნდა გონივრულად ჩნდება ეჭვები, რომ თავისუფალი ბაზრების წესებს სხვადასხვა აქტორები არაკეთილსინდისიერად იყენებენ.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ის, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და ეს პროცესები არ მიუშვას თვითნებობაზე, როდესაც იკითხება ისეთი ნიშნები, როდესაც განზრახ ჩრდილოვანი შეთანხმებით და ხელოვნურად ხდება ფასის წარმოქმნა და მას არანაირი კავშირი საბაზრო ეკონომიკასთან არ გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული იყოს ამ საკითხებზე მუშაობა და ჩვენ არ გაგვიჭირდება ვიპოვოთ ის ბალანსი, სადაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მოთხოვნილება იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.