პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
9 აპრილი – ტრაგედია, რომელიც საქართველოს თავისუფლების გამოცხადების სიმბოლოდ იქცა.
საინტერესოა, რა ვერსიას ავითარებდა საბჭოთა კავშირში ჩატარებული გამოძიება მომიტინგეების დაღუპვის მიზეზების შესახებ, 2016 წელს სსრკ-ს საარქივო დოკუმენტებიდან მასალები გავრცელდა, რომელიც შსს-ს არქივს აქვს გამოქვეყნებული.
პირველივე გავრცელებული ცნობა 9 აპრილის შესახებ ამბობდა, რომ “თბილისში, მთავრობის სახლის მოედანზე, ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს, ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი”. საბჭოთა პროკურატურის გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მომიტინგეებს მექანიკური ასფიქსია განუვითარდათ ჭყლეტის შედეგად, მომწამვლელი ნივთიერება კი არაფერ შუაში იყო.
საბჭოთა გენერლები, ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელ იგორ როდიონოვის თაოსნობით, ამტკიცებდნენ, რომ ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც თავს იცავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან.
სსრკ-ს მთავარი სამხედრო პროკურორი ალექსანდრე კატუსევი ამბობდა, რომ “18 ადამიანის, მათ შორის, ქალების გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ჭყლეტა გახდა”.
აღსანიშნავია, რომ შინაგანი ჯარის სარდლობამ ცრემლსადენი გაზის გამოყენება ოფიციალურად მხოლოდ 13 აპრილს აღიარა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდნენ მესანგრეთა ნიჩბების გამოყენებასაც
დეპუტატ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიაში 24 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ სახელმწიფო და სამოქალაქო მოხელეები, მწერლები, არმიისა და ეკლესიის წარმომადგენლები 9 მოკავშირე რესპუბლიკიდან.
სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იმ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა, ვინც ტრავმა მიიღო, შეადგინა 69, ხოლო სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს კომისიის ანგარიშში მოყვანილია მონაცემები იმის შესახებ, რომ სულ ტრავმირებული იყო 152 სამხედრო მოსამსახურე (132 – შინაგანი ჯარის, 20 – საბჭოთა არმიის). კომისიამ კი დაადგინა, რომ საბჭოთა არმიის 20 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც მოხსენიებულნი არიან თავდაცვის სამინისტროს კომისიის ანგარიშში, ტრავმა მხოლოდ სამმა მიიღო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 9 აპრილის ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის საგამოძიებო ქვეკომისიის წინასწარი დასკვნაში ვკითხულობთ:
“შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქ.თბილისის 9 აპრილის მიტინგის დარბევაში, ყოველნაირად ცდილობენ დაასაბუთონ ვერსია, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: შინაგანი ჯარებისა და არმიის ქვეგანაყოფები შემოვიდნენ თბილისში, რათა ძმური დახმარება აღმოეჩინათ ქართველი ხალხისათვის. ქართველ ექსტრემისტებს წამოყენებული ჰქონდათ ანტისაბჭოური მოთხოვნები, უნდოდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოს კანონიერი მთავრობის დამხობა. იქმნებოდა რესპუბლიკის საარსებო მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების საფრთხე. გაკრული იყო ანტირუსული ლოზუნგები. კარგად გაწვრთნილი, ორგანიზებული ადამიანების ჯგუფები აღწევდნენ საწარმოებში, აჩერებდნენ ასობით და ათასობით ადამიანის მუშაობას, პარკებში აბრუნებდნენ სამგზავრო ავტობუსებს, ამსხვრევდნენ მინებს, აღვივებდნენ შფოთს. იქმნებოდა რესპუბლიკის საარსებო მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების საფრთხე.
როდესაც ჯარის ნაწილები 9 აპრილს, გამთენიისას მიუახლოვდნენ მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედანს, მათ დაინახეს გასისხლიანებული და დაჭრილი ქალები, რომლებიც ჯარისკაცებისაგან მოითხოვდნენ შველას, მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველების მხრივ სასტიკ წინააღმდეგობას. ბევრ ექსტრემისტს ეკეთა აირწინაღი ან პირი დოლბანდით ჰქონდა აკრული. მათ ხელში ეჭირათ აეროზოლისა და დიხლოფოსის „ბალონჩიკები”. ქალებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების გადარჩენის დროს ჯარისკაცებს ესროდნენ ქვებს, ბოთლებს, რკინის ნაჭრებს… ათობით ჯარისკაცი დაშავდა და ა.შ.
ყველაფრიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანი იყო არა მომიტინგეთა და მოშიმშილეთა დაშლა, არამედ მათი დასჯა. ამაზე სავსებით სარწმუნოდ და უტყუარად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მომიტინგეებს არ აძლევდნენ გაქცევის საშუალებას, ხოლო მილიციის მუშაკებს, ექიმებსა და სანიტრებს [სამხედროები] დაუზოგავად ურტყამდნენ ხელკეტებს და ნიჩბებს მხოლოდ იმისათვის, რომ ცდილობდნენ დახმარება აღმოეჩინათ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის”,- ვკითხულობთ დასკვნაში.