პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისტორიები, რომლებსაც 9 აპრილის დაღუპულების ოჯახების წევრებისგან 33 წელია ვისმენთ, ამოუწურავია და თითქმის არასდროს მეორდება. ბუნებრივია, არც წლევანდელი 9 აპრილია გამონაკლისი.
„პრაიმტაიმმა“ 9 აპრილს დაღუპულების 9 ოჯახის ისტორია მოამზადა.
პრაღაში მიდიოდნენ მეგობრები და ბილეთები დააბრუნა
მერი სადრაძე, თამარ დოლიძის ბიცოლა: „თამუნა განსაკუთრებული ბავშვი იყო, უშიშარი. ის ჩემს ორ შვილთან ერთად გავზარდე.
თამუნა პატრიოტი იყო. ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული. პრაღაში მიდიოდნენ მეგობრები, ზვიადმა როცა გამოაცხადა ყველა უნდა მოვიდეს მიტინგზეო. ბილეთები უკან ჩააბარა.
დავურეკე ჩემს მულს, თამუნა არ გაუშვა მიტინგზე, ტანკები შემოდიან და რამე არ მოხდეს-მეთქი. მეზობელი შეხვდა, სოდიანი წყლითა და მარილით გარბოდა მიტინგზე, გაზებს გაუშვებენო, ზვიადმა თქვაო და თვალების დასამუშავებლად. მეზობლის ქალს უთქვამს, სად მიდიხარ თამუნა უკვე ძალიან საშიში მდგომარეობაა, ტანკები შემოვიდნენო. გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და მიპასუხა, რას ამბობ ვერა დეიდა, თუ ჩემი სისხლი დაიღვრება ჩემი სამშობლოსა და დამოუკიდებლობისთვის, ამაზე დიდი ბედნიერება რა არისო. ჩემი თამუნა ემსხვერპლა სამშობლოს თავისუფლებას.
თამუნა დილას 9 საათზე მორგში ვიპოვეთ. პალტოთი ვიცანი, ყველანი დასიებულები იყვნენ, არ ვიცი რა შეასხეს. თამუნას დედა 5 წელიწადში გარდაიცვალა, შვილის გარდაცვალებიდან.
მე და დედა ხელჩაკიდებულები ვიდექით, როცა დარბევა დაიწყო
თეონა ბაღათურია, ექიმ მზია ჯინჭარაძის შვილი: „იმ დღეს დედასთან და ჩემს დასთან ერთად წავედით რუსთაველის გამზირზე. გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა, იყო ამაღლებული განწყობა. არ ველოდით რომ ასეთი საბედისწერო დღე იქნებოდა ჩვენთვის.
ჩემი და პატარა იყო, 15 წლის. ღამე დედამ ის სახლში წაიყვანა და თვითონ დაბრუნდა. მე და დედა ხელჩაკიდებულები ვიდექით. როცა დარბევა დაიწყო დავკარგეთ ერთმანეთი. მე სრულიად უცნობი ადამაიანები დამეხმარნენ. ეკლესიის ეზოში ჩამახტუნეს. დედას ვეძებდი ყველგან, მთელი ღამე და ბოლოს რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში ვიპოვე. მქონდა წინათგრძნობა, რომ აღარ იყო. დიაგნოზი მძიმე მოწამვლა იყო, ასევე ხელკეტი ჰქონდა ჩარტყმული.
ნათია ბაღათურია, ექიმ მზია ჯინჭარაძის შვილი: მახსოვს, რომ დედამ როცა დამტოვა სახლთან ხელს რაღაცნაირად ვუქნევდი, რა წინათგრძნობა იყო არ ვიცი…
43 წლის იყო, ფსიქიატრი გახლდათ. მემორიალთან არასოდეს გავსულვართ, სულ საფლავზე მივდივართ ხოლმე.“
ორმოცი გასული იყო, გონს რომ მოვედი და არ მეუბნებოდნენ, ეკა რომ აღარ იყო
ლალი ბეჟანიშვილი, ეკა ბეჟანიშვილის დედა: „არაფერი არ შეცვლილა თითქოს. დედისთვის არასოდეს არაფერი შეიცვლება. ერთადერთი ველოდები ამ დღეს და მის დაბადების დღეს. ახლა ეკა 46 წლის გახდებოდა.
ეკა მასწავლებელთან მამამისმა წაიყვანა. მასთან ერთად პარალელური კლასელი იყო. არასოდეს არ მიფიქრია, რომ ასეთი სასწაული მოხდებოდა. 8 საათზე სახლში არ მოსულა, მე და ჩემი მეუღლე მის მოსაძებნად წავედით. სამჯერ მოვედით სახლში, გვეგონა თვითონ მოვიდოდა. ბუნდოვნად მახსოვს, პატრიარქის გამოსვლას ვუსმენდით. მოვიწამლე და აღარაფერი მახსოვს… ორმოცი გასული იყო გონს რომ მოვედი და არ მეუბნებოდნენ ეკა რომ აღარ იყო. კედლის ნგრევა დავიწყე, ეკა ფეხშიშველი მოვიდოდა ჩემს სანახავად, დამამშვიდებელი გამიკეთეს. დედა მოვიდა. მივხვდი რომ ეკა აღარ იყო… ბევრჯერ მიფიქრია, თუ ამდენი ბრძოლა ეწერა ჩვენს ქვეყანას ბოლო ის დღე ყოფილიყო…
აზრზე რომ მოვედი აღარავინ აღარ იყო – ზოგი მკვდარი იყო, ზოგიც – მოწამლული
ნუკრი ალბუთაშვილი, ზაირა კიკვიძის შვილი: „რუსის ტანკები რომ ჩამოატარეს აღშფოთებული იყო, „არ უნდა შევარჩინოთო“ – ამბობდა. ცალცალკე ვიყავით. არეულობის დროს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. აზრზე რომ მოვედი აღარავინ აღარ იყო, ზოგი მკვდარი იყო, ზოგიც მოწამლული. არამიანცის პროზექტურაში ვიპოვე. დასკვნაში ეწერა, რომ ქლორითა და ციანიდით იყო მოწამლული.
დღემდე არავისთან მილაპარაკია, თქვენ პირველი ხართ
ირაკლი ქვასროლიაშვილი, შალვა ქვასროლიაშვილის ვაჟი: „მე ძალიან პატარა ვიყავი. ბებიასგან ვიცი, რომ მამაჩემი ნოემბრიდან მოყოლებული ყველა აქციაზე დადიოდა. საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს, იქ გარდაიცვალა. ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. მე მიმალავდნენ, შეეშინდებაო.
ეს ამბავი ჩემთვის მართლაც იმდენად ტრაგიკული აღმოჩნდა, დღემდე არავისთან ვლაპარაკობ, თქვენ პირველი ხართ. ვიცი, რომ მამაჩემი გმირი იყო, თუმცა ამით არასოდეს მისარგებლია, ცხოვრებასთან ჩემით ბრძოლა მირჩევნია. ქვეყნის წინაშე მან საკუთარი ვალი მოიხადა, მე ჩემსას ვიხდი. ჩემს შვილებს კი მასზე და 9 აპრილზე ძალიან ბევრს ვუყვები ხოლმე.
მგონია, რომ ყველაფერი უნდა იცოდნენ. ახალგაზრდობამაც უფრო მეტი უნდა გაიგოს 9 აპრილზე და საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რასაც ის ადამიანები შეეწირნენ. წარმოგიდგენიათ, პატარა, უსუსური გოგონების ბარით ჩეხვა? რა კაცი უნდა იყო, ამისთვის ხელი მოგიბრუნდეს.“
სოფელში ისე ჩამოასვენეს, არავინ მეუბნებოდა, რომ შვილი აღარ მყავს
შურა ნოზაძე, მამუკა ნოზაძის დედა: „მამუკა ძალიან კეთილი ბავშვი იყო და ვერავის დაჩაგვრას ვერ იტანდა. ვერც მას ვერავინ დაჩაგრავდა. ამიტომაც დაიღუპა იქ, სხვისი გადარჩენის დროს. ვიღაცის სიცოცხლე დაიცვა, რამხელა საქმეა ეს.
თბილისში, საფინანსო ტექნიკუმში სწავლობდა, მიმალავდა აქციებზე რომ დადიოდა. მისმა და-ძმამ იცოდნენ. აპრილის დასაწყისში შემომითვალა, ვერ ჩამოვალ, მეგობრის ქორწილში უნდა წავიდეო. ქორწილში კი არა, თურმე რუსთაველზე დადიოდა. უკვე გარდაცვლილი დიდხანს ვეძებეთ. სოფელში ისე ჩამოასვენეს, არავინ მეუბნებოდა, რომ შვილი აღარ მყავს. ბარით იყო დაჩეხილი, მაგრამ გამბედაობა არ მეყო, მისი ჭრილობების დასანახად.
მახსოვდეს ისეთი, როგორიც გავზარდე. წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა, ამხელა შვილი ხელიდან რომ გამოგეცლება? მაგრამ მაინც ამაყი ვარ-გმირად გავზარდე. ეგ იყო, სახელმწიფომ მხოლოდ 25 წლის შემდეგ მოახერხა, მათთვის გმირის სტატუსის მინიჭება. მეტი პატივისცემა სჭირდება ამ ადამიანების ხსოვნას-დიდი საქმე გააკეთეს, ძალიან დიდი.
კარგა ხანს ვეძებდი ჩემი შვილის მსგავს ბიჭებს, მინდოდა მისთვის მიმემსგავსებინა ვინმე, მაგრამ სად ვიპოვიდი. მაინც მჯერა, რომ ოდესმე შევხვდები“.
ბოლო კადრი მახსოვს, ადამიანთა გორები დადგა
თამარ მამულაშვილის შვილი, ვერიკო სვანიძე: მაშინ 14 წლის ვიყავი. როდესაც მიტინგები დაიწყო სკოლიდან მოსწავლეები დავდიოდით და ვუერთდებოდით მომიტინგეებს. დედა ცუდად იყო, სახლიდან გულშემატკივრობდა თავის ქვეყანას. სწორედ 9 აპრილს ღამის 12 საათზე დედას გულმა ვეღარ გაუძლო, მთელი საქართველო რუსთაველზე ქვეყნის ერთიანობისთვის და ჩვენც იქ უნდა წავიდეთო.
მე კი, სახლში ცოტა ხნის დაბრუნებული ვიყავი… მშობლებთან ერთად მაინც წავედი. როდესაც რუსული ტანკები მოგვიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭებმა ჯაჭვი შეკრეს და წინ აღუდგნენ, ეგონათ დაგვიცავდნენ. რაღაც მომენტში ხალხის მასა ორად გაიყო და გაქცევა დაიწყეს მომიტინგეებმა, ამ დროს დედამ ფეხი წამოკრა რაღაცას და დაეცა, მას კიდევ რამდენიმე ადამიანი მიჰყვა. ბოლო კადრი მახსოვს, ადამიანთა გორები დადგა. მეც წავიქეცი, ვიღაცა ზედ დამეცა და უჰაერობისგან სუნთქვა შემეკრა, შემდეგ გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი მხატვრის სახლში ვიმყოფებოდი, დედასაც იქვე მოვკარი თვალი, მაგრამ მასთან მიკარების საშუალება არ მომცეს, გარდაცვლილი იყო. თავი ნიჩბით ჰქონდა გამსკდარი. დილით საავადმყოფოში გადამიყვანეს, დედა კი – მორგში.
მამა მიტინგის აღრევის დროს აგვცდა და მთელი ღამე გვეძებდა. შემდეგ, ტელეფონით დავუკავშირდი და მომაკითხა. ძმა მყავს. იმ დროს ის გერმანიაში ჯარში მსახურობდა. ტრაგედიიდან მესამე დღეს ჩამოფრინდა. დედა არ იყო დიდად აქტიური ადამიანი, არსად დადიოდა სამსახურის გარდა, მაგრამ პატრიოტიზმს და ამ დიდ სულისკვეთებას შეეწირა. თითქმის ყოველ 9 აპრილს, ტარგედიის ადგილზე მივდივარ ღამის 4 საათზე, ეს ის დროა, როცა დაიწყო ეს ყველაფერი…“
9 აპრილამდე ნატოს გამოცხადება ჰქონდა
ნატო გიორგაძე, მაია გიორგაძის და: „ნატო იყო 29 წლის, როცა გარდაიცვალა. ყველგან წერია, თითქოს 23 წლის იყო, რაც შეცდომაა. დაუოჯახებელი იყო. ის 14 წლით უფროსი იყო ჩემზე.
ნატო 9 აპრილამდე სოფელში იყო ჩამოსული. აპრილის პირველი რიცხვები იყო. დედაჩემმა უთხრა, შვილო დამშვიდდით, რუსები არიან, არ იცი რას იზამენ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც დაგხოცონი. მშობელი უხსნიდა, ვინ იყვნენ რუსები და რა შეეძლოთ გაეკეთებინათ. ნატომ დოინჯი გაიკეთა, შემობრუნდა და უთხრა: „რაა დედაა? ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებაო“.
დედაჩემს ცრემლები მოერია და მიუგო: „მე რას მიშვებიო“. „ერთადერთი რაზეც შეიძლება გული დამწყდეს, შენ მეცოდები, თორემ მე ბედნიერი ვიქნები თუკი სამშობლოსთვის დავიღუპებიო“ – მიუგო ნატომ.
აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი
ლიდა ადამია, აზა ადამიას დედა: „თითქმის 31 წელწადი გავიდა მას შემდეგ და ჩემთვის არაფერი შეცვლილა… უფროსი შვილი იყო, მეიმედებოდა… გიჟდებოდა ჩემზე, გამორჩეული შვილი იყო, უფროსი ქალიშვილი. მზარავს აპრილი. ეს თვე დადგება და ვიცვლები, სახლში ვიკეტები… ტკივილი მიახლდება.
მახსენდება,როგორ მომისვენეს შვილი 31 წლის წინ,რუსი ჯარისკაცების მიერ ნიჩბით დამტვრეული. ქვეყნის თავისუფლებას შესწირა თავი ჩემმა შვილმა… აზას გარდა მყავს 2 ვაჟი და კიდევ ერთი ქალიშვილი, ბიჭები აზას გაზრდილია, ის მეხმარებოდა მათ გაზრდაში.“
კობა ადამია, აზა ადამიას ძმა: „ვიცოდით აზა მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ ოჯახში არავინ უშლიდა იქ სიარულს. თან ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ვინ წარმოიდგენდა ასეთ ბოლოს… იმ დღესაც, როცა რუსთაველზე მომიტინგეები დაარბიეს, ჩვენ მარტვილში ვიყავით. მაშინ უბანში ტელეფონი მხოლოდ ერთ მეზობელს ჰქონდა, იქ დაგვირეკეს და ამ საშინელების შესახებ გვითხრეს. აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა… მეტი სხვა არაფერი ვიცოდით“.
შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.