რა ქონებით წავიდა მინისტრის პოსტიდან ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 27 ნოემბერს შეავსო.

დეკლარაციაში მას შეყვანილი ჰყავს მეუღლე დავით ვეშაპიძე. ყოფილი მინისტრის მეუღლე ბიზნესმენია, იგი 50%-იან წილს ფლობს შპს „კავკასუს მენეჯმენტ კონსალტინგ საქართველოში“ და ამასთან სს „რუსთავის აზოტში მრევლის პოზიციაზე მუშაობს. ვეშაპიძემ „რუსთავის აზოტიდან“ 2020 წელს ხელფასის სახით 130157,95 ლარი აიღო.

ყოფილი მინისტრის მეუღლეს 2020 წელს 75 000 დოლარად თბილისში რევაზ ჯაფარიძის I შესახვევში ნაყიდი აქვს 207 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი საბანკო სესხით.

2015 წელს მან თბილისში, ზემო ვაკის I შესახვევში შეიძინა 380 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი 100 000 დოლარად. 2011 წელს კი ვეშაპიძეს 25000 დოლარად ნაყიდი აქვს ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჰერეთისკარში, 33 006 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი. ამავე ფასად მას ამავე სოფელში 2011 წელსვე შეძენილი აქვს 249 951 კვ. მეტრის მეორე ნაკვეთიც. თურნავას მეუღლე ფლობს ასევე 239 746 ლარად შეფასებულ 320 კვ.მეტრის დაუმთავრებელ მშენებლობას თბილისში მისამართზე:  ზემო ვაკის შესახვევი I, N6. დავით ვეშაპიძეს აქვს ასევე ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც მას 2017 წელს შეძენილი აქვს 69 880,25 ლარად.

რაც შეეხება, თავად ნათია თურნავას საკუთრებაში არსებულ ქონებას, იგი  ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფლობს  4, 33,03 კვ.მეტრის ფართის ბინას, რომელიც ყოფილ მინისტრს აჩუქეს. ასევე მის სახელზე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 75, 130,79 კვ.მეტრის ფართის ბინა. 2016 წელს თურნავას მცხეთაში, სოფელ არაშენდაში, 1 615 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი აჩუქეს. დედაქალაქში, ამაღლების ქუჩაზე, ნათია თურნავას 2010 წელს 60 ათას დოლარად შეძენილი აქვს 137,21 კვ.მეტრის ფართის ბინა. თურნავას სახელზე ფიქსირდება ასევე 2010 წელს 6 400 დოლარად ნაყიდი 20,3 კვ.მეტრის ფართის ავტოფარეხი თბილისში ამაღლების ქუჩაზე.

რაც შეეხება, მოძრავ ქონებას, ყოფილი მინისტრი ავტომობილს არ ფლობს, ხოლო მისი მეუღლის სახელზეა 2011 წელს 43000 დოლარად ნაყიდი 2011 წლის გამოშვება Mercedes Benz ML class-ის მარკის ავტომობილი.

ნათია თურნავა 15%-იანი წილის მფლობელია შპს „სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრში“. მისი პარტნიორები არიან:  მზია ჯაში, მერი ცომაია, ელენე კოჭლამაზაშვილი, მაყვალა ვანიშვილი. მინისტრი სს „კონსტანტა საქართველოს“ აქციონერიცაა. 

ნათია თურნავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის სანაცვლოდ 12 თვეში აღებული აქვს 60 300 ლარი.

მინისტრს 2018 წლის ივლისში „საქართველოს ბანკში“ აღებული აქვს 185 200 დოლარის იპოთეკური სესხი, რომელიც მან უნდა დაფაროს 2033 წლის სექტემბერში.

„თი-ბი-სი ბანკში“ კი თურნავას 325 000 ევროს იპოთეკური სესხი უფიქსირდება, რომელიც 2018 წლის მაისშია აღებული და 2033 წლის ივნისში უნდა დაიფაროს.

 

ამავე თემაზე - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრი წარადგინა