1770234507
„რა პრინციპით იყენებთ ან არ იყენებთ ამ პლატფორმას, გაუგებარია“, „დიფ-სთეითის ზარს ველოდებით“ - ნინო შუბლაძემ გიორგი შარაშიძეს გადაცემა „დებატებში“ მონაწილეობა პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შესთავაზა
"რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში, წამყვანმა, ნინო შუბლაძემ პარტია "საქართველოსთვის" წევრს, გიორგი შარაშიძეს გადაცემა "დებატებში" მონაწილეობა პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შესთავაზა.
"9 თებერვალს, შემდეგ ორშაბათს დაგეგმილია ფასების თემაზე დებატები. როგორც ცნობილია, მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი მიიღებენ. მიიღებს თუ არა გახარიას პარტია მონაწილეობას? თემას როგორ არჩევთ, სტუმარს როგორ არჩევთ ან რა პრინციპით იყენებთ ამ პლატფორმას ან არ იყენებთ, გაუგებარია," - მიმართა ნინო შუბლაძემ გიორგი შარაშიძეს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრმა კითხვას ხუმრობით უპასუხა და თქვა, რომ პარტია "დიფ სთეითიდან" ელოდება ზარს.
"თქვენც გაგეცინათ და ამან მიბიძგა შემდეგი პასუხისკენ, რომ ზარს ველოდებით "დიფ სთეითიდან" და ვნახოთ, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ცხადია, ეს ნახევრად ხუმრობით. მთლად პრემიერ-მინისტრი ჰყოლიათ დანიშნული "დიფ სთეითის" ზარით და ჩვენ რომ დებატებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მივიღოთ ასე, მგონი, ეს არ უნდა იყოს ძალიან გასაკვირი," - განაცხადა შარაშიძემ.
წამყვანმა აღნიშნა, რომ შეუძლია ეს ხუმრობა დებატების რეჟიმში გააგრძელოს, რაზეც შარაშიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას მონაწილეობის მიღების შესახებ მომდევნო რამდენიმე დღეში მიიღებენ.
"ხვალ-ზეგ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ფასების თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ გრანტების თემა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მიზეზები შევეცადე ამეხსნა. ვნახოთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაგაგებინებთ," - აღნიშნა შარაშიძემ.












