,,ქართველი ჯარისკაცები გახადეს სამიზნეები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკოდილერებისთვის და ტერორისტებისთვის. ეს არის "ლელოს" და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული კამპანია" - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. დამრბევების სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, ეს ამომრჩეველთა სპეც სიებია. მისივე მოსაზრებით, ეს კამპანია "ლელოს" და ხაზარაძის დაკვეთითაა ორგანიზებული.

"ეს არის ამომრჩეველთა სია, ე.წ. სპეც. სიები, რომლებიც არის ხოლმე, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოყოფილი. სავარაუდოდ, რაღაც ძველი სია აქვთ აღებული და ერთმანეთში არეული. გასაგებია, ვისაც აქვს ამაზე წვდომა - წვდომა აქვს "ლელოს", რომელიც ცესკოში არის და მათ მიერ არის დამუშავებული.

როცა საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე, ისევე, როგორც სხვა სპეცდანიშნულების რაზმებზე, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახურსა თუ ფინანსთა სამინისტროში, ესენი არიან ადამიანები, ნარკოდანაშაულებზე რომ შეიპყრობენ დამნაშავეებს, ორგანიზებულ დანაშაულზე, ტერორიზმის მხრივ ახლახანაც რომ ითქვა აშშ-დან, რომ გვაქვს საუკეთესო შედეგები, ეს ადამიანები არიან, ვინც ზრუნავს დამნაშავეების გაუვნებელყოფაზე და შუბლს უშვერენ ტყვიას ყოველ ჯერზე, რომ მშვიდად ეძინოს ხაზარაძესაც, იმ დონორებსაც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ.

ამ ადამიანების პერსონალური ინფორმაციები გაასაჯაროვეს და, ფაქტობრივად, გახადეს სამიზნეები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკოდილერებისთვის და ტერორისტებისთვის. გახადეს ქართველი ჯარისკაცები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და მათი ოჯახები სამიზნეები. ეს არის "ლელოს" და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული კამპანია. არჩევნები ჩაივლის და ამას ყველა დაუმახსოვრებს "ლელოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.