ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს - ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი

იუსტიცია

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი პაველ ბლაჟეკი, საქართველოში ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასა და დელეგაციის წევრებთან ერთად, №16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას ეწვია.

სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნებისათვის განკუთვნილ სივრცეები; დეტალურად გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს; მოინახულეს სასწავლო აუდიტორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს სამკერვალო სივრცე, ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ნივთს ამზადებენ და მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხა მათი შემოსავლის წყაროა.

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ქართული პენიტენციური სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„დღეს შესაძლებლობა მქონდა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც, ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოების, ისე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, რადგან ჩვენც ვიღებთ გადაწყვეტილებებს ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ადგილობრივ პენიტენციურ დაწესებულებებში პირობები არის ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი“, – განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა.