პუტინის ვიზიტისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის წინ, ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა - მედია

აქცია

ერევანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც რადიო „თავისუფლების“ სომხური ბიურო წერს, აქციის ორგანიზატორი პარტია „ნაციონალ-დემოკრატიული პოლუსი“ იყო.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ – „რუსეთი მტერია!“. აქტივისტების მტკიცებით, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, სომხეთის დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედეს.

მათი თქმით, „არამეგობრული და მტრული ქვეყნების ლიდერების ვიზიტს სათანადო წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს“.

ოპოზიციური პარტიის წევრები აქციის გამართვას ხვალაც აპირებენ.

ხვალ ერევანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩადის. ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთში მას შემდეგ, რაც 2020 წელს რეგიონში ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო.