პირველ რიგში, ეს არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა - მარიამ ლაშხი ახალ საგანმანათლებლო ინიციატივაზე

მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აქვე, მარიამ ლაშხი ამბობს, რომ არ გაუქმდება ეროვნული გამოცდები.

"პირველ რიგში, ეს არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ, სახელმწიფო ინტერესებით, ანუ ის მოთხოვნები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმ განათლების და ცოდნის მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნული გამოცდები არ უქმდება, რაც ერთ-ერთი განხილვის თემა იყო. იქნება უფრო გაძლიერებული როგორც სკოლიდან მოწოდებული ცოდნის ნაწილში, ასევე უნივერსიტეტის მიღების ნაწილში," - აცხადებს მარიამ ლაშხი.

ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო უკვე მუშაობს სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, საშუალო განათლება, 12 წლის მაგივრად, 11 წლით ჩანაცვლდება. ინიციატივა შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. უნივერსიტეტები 3+1 სისტემაზე გადადიან, რაც სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც.