პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა

პაატა სალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა.

პაატა სალიამ ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათთვის პროფესიულ გარემოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.

მან სტაჟიორებს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი, გამოიჩინონ ინიციატივა, დასვან კითხვები, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ უწყებების საქმიანობაში.

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებადი სტაჟირებისა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წელს მივიღეთ 190-მდე სტაჟიორი. გეტყვით, რომ 6 600-ზე მეტი მსურველი მონაწილეობდა და, მათ შორის, შერჩეული საუკეთესო ახალგაზრდები - ეს არის მნიშვნელოვანი წამოწყება და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რათა მათ პირველი ნაბიჯები გადადგან საჯარო სამსახურში და თავის პროფესიულ კარიერაში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.

✕