პაატა სალია: ჩვენი შეფასებით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. პენიტენციური სამსახური მოქმედებდა წესების სრული დაცვით, თუმცა საბოლოო ჯამში ამას დაადგენს გამოძიება და პროკურატურა

პაატა სალია

"პენიტენციური სამსახური, ჩვენი შეფასებით, მოქმედებდა წესების სრული დაცვით, რა თქმა უნდა, ამას საბოლოო ჯამში, დაადგენს საქართველოს პროკურატურა, ხომ არ იყოს რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გადამეტებული ძალა, ხომ არ იყო, ზოგადად, არაპროპორციული ძალა გამოყენებული და ასე შემდეგ, მაგრამ პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ მომხდარიყო პატიმრის დათვალიერება, ანუ განხორციელებულიყო ის პროცედურა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს", -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ "იმედის" ეთერში მსჯავრდებულ გ. დავითაძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა დეტალურად განმარტა კანონმდებლობით გაწერილი პროცედურა.

"კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანისას უნდა მოხდეს პატიმრის დათვალიერება, შემოწმება უკანონო საგნების აღმოსაჩენად. გიორგი დავითაძის შემთხვევაშიც იგივე განხორციელდა. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა პროტესტის გამოხატვას. ის არ ემორჩილებოდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს", - განაცხადა მან.

პაატა სალიამ ისაუბრა, აგრეთვე, პროცედურაში ექიმის მონაწილეობისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე:

"არაერთი სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, არაკვალიფიციური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი,  რატომ იყო იქ ექიმი. ყოველი კონკრეტული შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება, შეიცვალოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა რაოდენობა. ეს არ ნიშნავს ძალადობას, როგორც აცხადებენ, ან რაიმე უკანონობას... რაიმე უკანონო ქმედებას იმით, რომ ექიმი იმყოფებოდა დეესკალაციის ოთახში, ადგილი არ ჰქონია. კანონით არის განსაზღვრული ლატექსის ხელთათმანებიც, რათა, თუ აღმოჩნდება რაიმე აკრძალული საგანი პატიმრის სხეულზე,  მოხდეს მისი ამოღება იმგვარად, რომ მასზე არ მოხვდეს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის თითის ანაბეჭდები. ეს გათვალისწინებულია  ჰიგიენური თვალსაზრისითაც. შესაბამისად, აქ რაიმე უკანონობა არ ყოფილა ჩადენილი".

იუსტიციის მინისტრი იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, თუ რატომ არ ეცვა ერთ-ერთ თანამშრომელს ფორმა. მისი თქმით, ამ ფაქტს გამოძიება დაადგენს:

"გამოძიება დაადგენს, ასე იყო თუ არა და შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ერთობლიობაში, ჯამურად შევაფასოთ სიტუაცია, და თუ პენიტენციური სამსახურის მხრიდან ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები მიღებული".

პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა  ხმოვანი ჩანაწერის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, კანონმდებლობა ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებას არ ითვალისწინებს:

"საგამოძიებო ორგანოს ამოღებული აქვს არაერთი სხვა ჩანაწერი, რაც, ასევე, შეისწავლება, აქვე ხორციელდება გარკვეული საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზაც ამ ვიდეოჩანაწერის. შესაბამისად, როცა დასრულდება გამოძიება და სრული სურათი გვექნება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩვენ რასაც ვხედავთ კადრებზე, მართალია, ხმა არც ისმის, მაგრამ პატიმრის ჟესტიკულაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ის აყენებს შეურაცხყოფას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.

ეს არის ჩვენი შეხედულება და ჩვენი შეფასება, რაც ვერ ჩაანაცვლებს გამოძიებას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ  გამოძიების შედეგებს. მე იმედი მაქვს, რომ გენერალური პროკურატურა მოკლე ვადებში შეძლებს ამ გამოძიების დასრულებას, რათა სრული სურათი გვქონდეს", -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

✕