ოთარ გრიგოლია: აქ არავინ არა არის ძალით მოყვანილი, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკური არჩევანი და ეს პოლიტიკური არჩევანი არის ღირსებით წასვლა ევროპაში

ოთარ გრიგოლია

თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დღეს მოსული ჩვენს ღონისძიებაზე. მე არ ვიცი ჩვენს ოპონენტებს როგორი ახალგაზრდების ნახვა სურთ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ხოლმე მათ მხრიდან აქციასთან დაკავშირებით დამახინჯებულ ეპითეტებს, რაც საბოლოო ჯამში იმის გამოხატულებაა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ არიან მზად ისაუბრონ ლიბერალიზმის სახელით. ესენი არიან ფაშისტები.

დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოუერთდა ამ აქციას. თითოეული საქართველოს მოქალაქე, ადამიანი, რომელიც არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ღირსეული შვილი, არის მნიშვნელოვანი და მათი ხმა არის მნიშვნელოვანი.

ყოველი აქციის დროს გამოდიან ოპოზიციონერი ჟურნალისტები, მიუვარდებიან ადამიანებს და ეკითხებიან საიდან ჩამოხვედი და რისთვის ჩამოხვედიო, მერე თავისთვის დადგმულ კადრებს ასაღებენ, თითქოს ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. სინამდვილეში ასე არ არის.

აქ ზეიმია, აქ არავინ არა არის ძალით მოყვანილი, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკური არჩევანი და ეს პოლიტიკური არჩევანი არის ღირსებით წასვლა ევროპაში.

დღეს ამ აქციით და რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის აქციით პრაქტიკულად ჩვენ წერტილი დავუსვით ამბიციებს, რომელიც მათ ჰქონდათ. „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მაგრამ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ეს ჯერ კიდევ არა არის გამარჯვება. გამარჯვება გაფორმდება მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი მივალთ არჩევნებზე და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას.

საქართველოში ქართველების და საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა და არავინ სხვამ. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ის უსამართლო ჩარევა სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, რომლებიც ძალიან ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ საარჩევნო პროცესზე, თუმცა ეს არ გამოუვიდათ მათ“, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.