ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა „ქართული ოცნების“ „მეგანარატივებს“ ვერც საშინაო, ვერც საგარეო მიმართულებით, ანუ ვერ შეიმუშავეს და ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ალტერნატიული „სტრატეგიული პროექტი“ - დათო გამცემლიძე

დათო გამცემლიძე

თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება, უნდა მოიგო არჩევნები, როგორც ეს მოხდა 2012 წელს და არა პროვოკაციული: „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ჩავატაროთ არჩევნები“, როგორც 1992 და 2003 წლებში, - წერს ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში.

გამცემლიძე აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიცია დამარცხდება რადგან, ვერ შეძლეს უნარიანობისა და პასუხისმგებლობის ჩვენება ამომრჩევლის კატეგორიული უმრავლესობისთვის, ეს არის „გადაუწყვეტელთა“ კონტინგენტი, რომელიც საქართველოში ისე მრავალრიცხოვანია, როგორც არასად. მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა „ქართული ოცნების“ „მეგანარატივებს“ ვერც საშინაო, ვერც საგარეო მიმართულებით, ანუ ვერ შეიმუშავეს და ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ალტერნატიული „სტრატეგიული პროექტი“ რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულებით, მათ შორის უმთავრესის - ომის თავიდან აცილებისა, რაც ძალიან აშინებს მოსახლეობის მეტისმეტად დიდ ნაწილს. „ხვალ ოპოზიცია აპირებს „წინასაარჩევნო კონფიგურაციების“ გამოქვეყნებას. როგორც ჟურნალისტი და ისტორიკოსი, რომელიც 30 წელია აკვირდება პოლიტიკურ პროცესებს, დარწმუნებით ვიტყვი, რომ „ოპოზიციურ კლასტერში“ ყველაზე ლოგიკური, თანმიმდევრული და მიზანშეწონილი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა: „ვთმობთ ყველაფერს, ოღონდ გავერთიანდეთ და გავიდეთ არჩევნებზე ერთიანი სიით“.

თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება, უნდა მოიგო არჩევნები. როგორც ეს მოხდა 2012 წელს. და არა პროვოკაციული: „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ჩავატაროთ არჩევნები“, როგორც 1992 და 2003 წლებში. „შეუძლებელია ამ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლაო“ - უპასუხისმგებლო ლუზერთა და „მევარდაჩემინაბადების“ „ჟღალი საუბარია“! რამდენიმე მარტივი მარკერია, რომელიც აბსოლუტური უეჭველობით ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობს საარჩევნო გარემო, რაც ამ შესაძლებლობას ქმნის (და რაც ამ მასშტაბით არ არსებობდა ან საერთოდაც არ არსებობდა 2012 წელს, თუმცა ხელისუფლება მაშინ მაინც შეიცვალა არჩევნებით): ა) სამი საერთო ნაციონალური, ყველაზე გავლენიანი, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ოპოზიციური ტელეარხის არსებობა, რომლებიც დილიდან საღამომდე აგინებენ (!), მიწასთან ასწორებენ მმართველ პარტიას და მის ლიდერს; ბ) უძლიერესი არასამთავრობო სექტორი მთელი მისი ინფრასტრუქტურით, რომელიც თავნებად იძახის, რომ არანაირ რეესტრში არ დარეგისტრირდება, ხელისუფლება ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის, უკიდურეს შემთხვევაში $10 000 ჯარიმას გადაიხდიან (საერთოდ თუ გაუბედათ ეს ხელისუფლებამ) და 100%-იანი გარანტიით, მინიმუმ 26 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე იარსებებენ, იმოქმედებენ ისევე, როგორც დღემდე - ამჟამინდელი სახით და მოდალობით. გ) დასავლეთის ისტორიულად სრულიად უპრეცედენტო, - ღია, კონსოლიდირებული მხარდაჭერა ოპოზიციას. პირველად ამ ფორმით და ამ მასშტაბით საქართველოს ისტორიაში. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ცოდნით. დ) ფინანსური რესურსები: „ოპოზიციური კლასტერის“ აქტიური წევრი 10-15 მულტიმილიონერის ჯამური კაპიტალი აღემატება ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს. რაც შეეხება „სახელისუფლებო-ადმინისტრაციულ რესურსს“, ეს რესურსი 2012 წელსაც იყო, მაგრამ ხელისუფლება მაინც შეიცვალა. 

აი ამ ყოველივეს მიუხედავად თუ „მევარდაჩემინაბადები“...მათი წყალობით კი მთელი ოპოზიცია... 26 ოქტომბერს მაინც ჩაისვრის, ეს მოხდება ორი სისტემური მიზეზით: ა) ვერ შეძლეს უნარიანობისა და პასუხისმგებლობის ჩვენება ამომრჩევლის კატეგორიული უმრავლესობისთვის; ეს არის „გადაუწყვეტელთა“ კონტინგენტი, რომელიც საქართველოში ისე მრავალრიცხოვანია, როგორც არასად. ბ) რაც მთავარია: ვერაფერი დაუპირისპირეს რეალურად ქართული ოცნების „მეგანარატივებს“ ვერც საშინაო, ვერც საგარეო მიმართულებით; ანუ ვერ შეიმუშავეს და ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ალტერნატიული „სტრატეგიული პროექტი“ რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულებით, მათ შორის უმთავრესის - ომის თავიდან აცილებისა(!), რაც ძალიან აშინებს მოსახლეობის მეტისმეტად დიდ ნაწილს. მოგწონთ, არ მოგწონთ...სწორია, არასწორია... ილუზორულია თუ რეალურია ეს ომის შიში და ფობია... არა აქვს მნიშვნელობა. მთლად უსაფუძვლოც არ არის ალბათ, თუ მიმოვიხედავთ, მაგრამ, კი ბატონო დავუშვათ ილუზიაა ეს საბრალო „ომის ფობია“, ოღონდ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია არა „ფაქტი“, არამედ „აღქმა“! პოლიტიკა კი შესაძლებლის ხელოვნებაა. დათო“, - წერს გამცემლიძე.