1734778532
ილჰამ ალიევი: საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო.
ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და პრინციპი, დაიკავა აზერბაიჯანის მიწების დაახლოებით 20 პროცენტი, გაატარა ეთნიკური წმენდის პოლიტიკა და გაანადგურა ქვეყნის ყველა ქალაქი და სოფელი.
„რომელიმე დასავლური სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოდესმე შენიშვნა მისცა სომხებს ამის გამო? არა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მინსკის ჯგუფი დაკავებული იყო სომხური ოკუპაციის გარკვეულწილად გამართლებით და აზერბაიჯანს დამამცირებელი მშვიდობისკენ უბიძგებდა.
„გვეუბნებოდნენ, რომ თქვენი სიტყვები ძალიან მკაცრია. ეს მკაცრი რიტორიკა არ აახლოებს მშვიდობას, არამედ აშორებს მას. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ოკუპაციის გასაგრძელებლად“, - დასძინა მან.