1746733863
ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გარედან მიღებული მითითებებით იმოქმედებენ, ამ დონეზე ესმით ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების პასუხისმგებლობა ესმის იმგვარად, რომ ხელისუფლება გარედან მიღებული რეკომენდაციებით უნდა მოქმედებდეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება „მხოლოდ ქართველ ხალხს უჯერებს“.
„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ესეც ხომ ბუნებრივია. ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით, თუ მითითებებით. ოპოზიცია და ენჯეო სექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორი ოპოზიციური პარტია, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და რეგიონებში მითითებებიც აქვთ გაცემული.
პაპუაშვილის თქმით, ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ.
„დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული. სასაცილოა, თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცარს აყრიან. ამ ადამიანებს თავი მოაქვთ რევოლუციონერებად და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება, მომზადება აქვთ დაწყებული. პატარა ქვეყანაა და ყველა ხედავთ ამას, მით უმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს, არ იმალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.