1692302192
ნინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მავნებლური ტაქტიკა არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ახორციელებენ და ტაქტიკა ასეთია - დააზიანონ და ჩამოაქციონ ქართული ეკონომიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.
ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ საერთაშორისო დონეზე შელახონ საქართველოს იმიჯი და უცხოელ ინვესტორებსა თუ ტურისტებს აჩვენონ, რომ ქვეყანა უსაფრთხო არ არის. მისივე თქმით, ანაკლიისა და ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანია, საქართველოს SWIFT-დან გათიშვის, ქართული ბანკების დასანქცირებისა და რუსეთისათვის სანქციების დაწესების მოთხოვნა მიმართული იყო დივერსიისა და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლისკენ.
ნინო წილოსანის ინფორმაციით, ოპონენტების მხრიდან „იგლ ჰილსის“ ექვს ნახევარ მილიარდიან ინვესტიციაზე არასწორი შეფასებები კეთდება.
„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე შემოსულა, რომელსაც რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილის მოტანა შეუძლია. „ქართულ ოცნებას“ ხშირად უპირობო ნდობაც კი აქვს ქართველი ხალხის მხრიდან და ეს ნდობა გამოიხატება არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისას, როგორიც არის „იგლ ჰილსი“, ანაკლიის პროექტი და კიდევ მომავალი პროექტები, რომელსაც „ქართული ოცნება“ განახორციელებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.











