ნიკოლოზ სამხარაძემ თურქ კოლეგასთან უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუატ ოქტაის შეხვდა.

განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები და რეგიონის სიახლოვეს მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი, ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში საქართველოსა და თურქეთის მნიშვნელოვან როლს.

კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოსა და თურქეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„საინტერესო და დროული შეხვედრა მქონდა თურქ კოლეგასთან. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე და შუა დერეფნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე ვისაუბრეთ. საუბარი ასევე გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში დადებით დინამიკაზე, რომლის კარგი მაგალითიც არის ის მრავალი ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის წელს უკვე შედგა და ასევე სამომავლო ვიზიტები, მათ შორის, მომავალ თვეში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ფუატ ოქტაის დახმარება სთხოვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ სირიამ აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.

მხარეებმა, კომიტეტების სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მიმდინარე წელს უკვე დაგეგმილია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა.
ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 2026 წელს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.