ნიკა მელია პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და გამოაჩინეს - ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

"ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს, ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები. მაგათ რაც შეუძლიათ მაქსიმუმი გააკეთონ, შეკრიბონ თავიანთი ამომრჩეველი თავიანთ ოფისში, მეტი რესურსი მათ არ აქვთ", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დაანონსებას.

„გამოჩნდა მელია? მოკითხვა გადაეცით. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და გამოაჩინეს. ფორმალური თავმჯდომარე საჭიროა ხანდახან, ალბათ, განცხადების გაკეთებასაც აიძულებენ. გადაეცით ყველას, კარგად გააცნობიერონ, ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ როცა მიგითითებს პოლიტიკიდან წასვლაზე, როგორც 2012 წელს მიუთითეს და მას შემდეგ მათ აქციებზე არ უნახავს არავის ვიწროპარტიული აქტივის გარდა ვინმე, შეეგუონ რეალობას და გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში ყოფნა არის, მათ შორის, პასუხისმგებლობა. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, მათ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. ასეთი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობას“. ეს ძალიან მალე იქნება და იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.