ნებისმიერი მცდელობა, რომ გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება, ან შეუცვალონ მას სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური - დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი

ნებისმიერი ასეთი მცდელობა, რომ გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება, ან შეუცვალონ მას სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ცესკოს მიერ კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს.

„ცესკო არის ვალდებული სწორად მართოს პროცესები. როდესაც ემპირიული გამოცდილებით ის აღმოაჩენს, რომ არის გარკვეული პრობლემატიკა არჩევნების მიმართ, არჩევნების დღეს, ბუნებრივია მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ეს პრობლემატიკა გამოსწორდეს და გამოწვევა იყოს დაძლეული. ამიტომაც, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, რომ გააშავონ ცესკოს გადაწყვეტილება, ან შეუცვალონ მას სამართლებრივი რეალური შინაარსი, არის უსუსური“, - აცხადებს მათიკაშვილი.

კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.

შესაბამის სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.