გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
სრულიად აშკარაა, რომ ნატოში გაწევრიანების შანსიც და მისი მეშვეობით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაც დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ნულის ტოლია., - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
კაკაბაძე ვრცელ პოსტში განმარტავს, თუ რატომ მივიდნენ ის და მისი თანამოაზრეები დასკვნამდე, რომ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ნეიტრალური სტატუსი საქართველოსთვის ყველაზე უფრო მისაღებია.
„რატომ ნეიტრალიტეტი?
ჩვენს მიერ ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის "მოძრაობა ნეიტრალიტეტის" მიზანი არის საქართველოსათვის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მოპოვება. შევეცდებით მოკლედ იმის ახსნას, თუ რამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ნეიტრალური სტატუსი ყველაზე უფრო მისაღები უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყანა სხვა სახელმწიფოსთან არ აგებს პოლიტიკას მის მიმართ სიყვარულისა თუ სიძულვილის გამოვლენის ფაქტორებიდან გამომდინარე. ყველა ქვეყანა სხვებთან მიმართებით ეძებს ისეთ ურთიერთობებს, რომელიც სარგებლიანი იქნება მისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. გონივრულია, მოვლენებს შევხედოთ არა ისე, რომ რომელიმე ერსა თუ სახელმწიფოს უყვარს თუ სძულს საქართველო და ქართველი ერი, არამედ შევეცადოთ განვსაზღვროთ, რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს თითოეულ ქვეყანას იმ გეოგრაფიულ არეალთან მიმართებით, სადაც მდებარეობს საქართველო.
დავიწყოთ ახლო და შორეული მეზობლებით.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჯერ სპარსეთი და ოსმალეთი (თანამედროვე ირანი და თურქეთი), ხოლო შემდეგ რუსეთიც მთელ სამხრეთ კავკასიას და მათ შორის საქართველოსაც არათუ თავისი გავლენის სფეროდ, არამედ საკუთარი იმპერიის ნაწილად მოიაზრებდნენ. საქართველოს მიმართ ეს იმპერიული აზროვნება არც ერთი ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში არ გამქრალა და თუ ოფიციალურად ყველა მათგანი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს (რუსეთი - აფხაზეთისა და ცხინვალის გამოკლებით), ეს არ ნიშნავს, რომ მათი იმპერიული ამბიციები დღეს მთლიანად გამქრალია. ჩვენი მცირერიცხოვანი მეზობლები საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას საკუთარი მრავალრიცხოვანი დიასპორების მეშვეობით ცდილობენ. ევროპას და აშშ-ს სამხრეთ კავკასიისა და მათ შორის საქართველოს მიმართ ძირითადად ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებთ, რაც ხშირად შეფუთულია იდეოლოგიური (დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ზრუნვის) საბურველით. რაც შეეხებათ ჩინეთს, ინდოეთს და სხვა დიდ ქვეყნებს ამ ეტაპზე საქართველო შეიძლება მართლაც მხოლოდ ეკონომიკური ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს, რაც მისი სატრანზიტო გზის ფუნქციით არის განპირობებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ამ მიმართულებით ფიქრისა და ამაზე პოლიტიკის აგების ნაცვლად, ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ საბჭოთა რუსეთი იყო ბნელი ძალა და დანარჩენი მსოფლიო მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობაზე იზრუნებდა. 70-წლიანი საბჭოური მმართველობიდან გათავისუფლების შემდეგ გასულ 35 წელში დავინახეთ, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოს ძირითადად განიხილავდნენ როგორც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ საბრძოლველად კარგ პლაცდარმს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით ისინი ჩვენგან მოითხოვდნენ ქართული იდენტობის შეცვლასა და მათი ცხოვრების წესზე გადასვლას. ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი ბიუროკრატიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩვენთან სამოთხის ბაღია, თქვენთან - ჯუნგლები“ და თუ სამოთხეში გინდათ შემოსვლა, ჩვენი ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულოთო.
ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ლგბტ უფლებების პრიორიტეტულად დაცვა, გამჭვირვალობის თუ ოჯახური სიწმინდის კანონების გაუქმება, ძალადობრივი მიტინგების მშვიდობიანად გამოცხადება, მათი დაშლის აკრძალვა და სხვა მოთხოვნები ასევე იფუთება დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვით. არც ის საფრთხეები უნდა დავივიწყოთ, რომელიც კოლექტიური სამხრეთიდან სხვებთან ერთად ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება. კერძოდ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ რელიგიური ფუნდამენტალისტების მიერ ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ სამიზნე წერტილად საქართველოც მოიაზრება.
მთელი ისტორიის მანძილზე ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი წინაპრები მუდამ ეძებდნენ ძლიერი სახელმწიფოს მფარველობას. ამიტომ იყო, რომ დიდი ქვეყნების მხრიდან წარმოებულ დამპყრობლურ ომებში სისტემატურად მონაწილეობდნენ ქართველი მეომრები, რაც გარკვეული ხარკის გაღება იყო იმისათვის, რომ შემდგომში ამ ძლიერ ქვეყანას საქართველოსთვის მფარველობა გაეწია. ეს ეხებოდა არა მხოლოდ არაბთა, მონღოლთა, თურქთა, სპარსთა და რუსთა სამხედრო ოპერაციებში ქართველთა მონაწილეობას, არამედ სულ ახლახან, ავღანეთსა თუ ერაყში ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში მრავალრიცხოვანი ქართველი მებრძოლების მონაწილეობასაც. არაბებიც, მონღოლებიც, თურქებიც, სპარსელებიც და რუსებიც მხოლოდ მაშინ იღებდნენ საქართველოს დაცვაზე პასუხისმგებლობას, თუ ჩვენს ქვეყანას საკუთარი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევდნენ და ამას ქართველებიც აღიარებდნენ. სხვა შემთხვევაში, ყველა ასეთი „მფარველისთვის“ ჩვენი ქვეყანა თავისი პოლიტიკის გამოსაყენებელ ინსტრუმენტად რჩებოდა.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ისეთი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრობაც ითვლება მფარველობისა და უსაფრთხოების მიღების გარანტად. ამ ორგანიზაციას „ნატო“ ჰქვია და ამიტომაც სწორედ მისკენ ისწრაფვოდა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ეს სწრაფვა იმდენად ძლიერი იყო, რომ კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ როგორც მიზანი. სრულიად აშკარაა, რომ ნატოში გაწევრიანების შანსიც და მისი მეშვეობით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაც დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ნულის ტოლია.
ისიც ცხადია, რომ დღეს არცერთი ქართველი არ დათანხმდება ამდენი ბრძოლით და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის საკუთარი ნებით დაკარგვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვა სახელმწიფოს ნაწილად ქცევას. ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველა მუშტრის თვალით უყურებს, ჩვენ გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ ჯერ ხალხმა გავითავისოთ საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადების მნიშვნელობა, შემდეგ კი მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ ქვეყნებს შევთავაზოთ და დავანახვოთ, რომ თუ საქართველო არა რუსეთთან დაპირისპირების, არამედ ყველასთან თანამშრომლობის არენად იქცევა, ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ამისათვის საჭიროა მათთვის ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის (ანაკლიის პორტის, აბრეშუმის გზის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ჰაბად ქცევის და ა. შ.) პრიორიტეტების ჩვენება. ამ მიმართულებით ხელისუფლების ყოველდღიური მუშაობა იქნება საჭირო. გასათვალისწინებელია, რომ დღეს რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ჩვენს ტერიტორიაზე რომელიმე დიდი ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსება, ხოლო ნეიტრალიტეტის პირობებში ის დაცული იქნება ამ საფრთხისგან, რის გამოც რუსეთი არ უნდა შეეწინააღმდეგოს ჩვენს ნეიტრალიტეტს. ამერიკისთვის და ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მისწრაფება საბჭოთა კავშირის აღდგენისაკენ, ხოლო საქართველოს ნეიტრალიტეტის რუსეთის მხრიდან აღიარების პირობებში ჩვენი ქვეყანა დაცული იქნება ამისგან. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტები უნდა გახდნენ ასევე ჩინეთი და თურქეთი. დღეს ეს ყველაფერი ვიღაცას შეიძლება ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენი აზრით, სწორედ ეს არის თანამედროვე პირობებში საქართველოს უსაფრთხოების დაცვის ყველაზე რეალისტური გზა, რასაც ყოველდღიური მუშაობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. კარგად გვესმის, რომ ნეიტრალიტეტი მხოლოდ ჩვენს საკუთარ სურვილზე არ არის დამოკიდებული, ამას პირველ რიგში სჭირდება ქვეყნის როგორც თავდაცვისუნარიანობის, ისე დემოგრაფიული მდგომარეობის მაქსიმალურად გაძლიერება. აქ იგულისხმება დაახლოებით ისეთი ძლიერი თავდაცვისუნარიანი არმიისა და შიდა კანონმდებლობის შექმნა, როგორიც აქვს ჩვენზე არანაკლებ მძიმე გეოსტრატეგიულ მდგომარეობაში მყოფ ისრაელის სახელმწიფოს.
ეს ყოველივე არ ნიშნავს რომელიმე ქვეყანასთან დაპირისპირებას, ეს ნიშნავს ყველა ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობისა და საჭიროების ჩვენებას.
მთავარია ჯერ გავიაზროთ დღეს არსებული რეალური რისკები, ვირწმუნოთ გამოსავლის ასეთი გზის რეალობა და მერე ვიმოქმედოთ“, - წერს კაკაბაძე.