მთავარია, რომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო და გქონდეს სიმბოლური როლი - თეა წულუკიანი ზურაბიშვილზე

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ფუნქციას ახსენებს. 

წულუკიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია, რაც მას არაერთხელ განემარტა.

„საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით პასუხისმგებელია საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია, რაც მას მრავალჯერ განუმარტა, ჩემთან ერთად, ბევრმა სხვა ადამიანმაც. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ხშირად ჩვენი ერის ცხოვრებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, რათა მოიპოვო ქართველი ერის ნდობა.

ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც, როგორც ჩვენ, ბევრი უნდა იშრომოს, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ნდობა. იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს, საქართველოს მთავრობა, მაგალითისთვის, აკეთებს იმას, რაც ქართველ ერს სურს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ძალიან დიდი სირთულის ფასად ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც მერწმუნეთ, ადვილი არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.