"მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელიც გაერომ და რეზოლუციის წარმდგენებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, არის მშვიდობის მტრის სწორად იდენტიფიცირება რეზოლუციაში" - თამაზ დათუნაშვილი

თამაზ დათუნაშვილი

უკრაინის საკითხზე ამერიკის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო, ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდნენ.

The Wall Street Journal ინფორმაციით, ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს. ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის ვინ დაიწყო ომი, არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დასრულებაზე.

უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ვაშინგტონი კი, მოუწოდებს კიევს გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას. ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. "ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისეთი რეზოლუციის მიღება, სადაც მტერი სწორად იქნება იდენტიფიცირებული.

"ომის სამი წლისთავზე, მე ვისურვებდი, რომ ერთი რეზოლუცია იყო და ეს ერთი რეზოლუცია ქმედითი იყოს, მაგრამ ისეთი პოლიტიკური ვითარება გვაქვს დღესაც ჩვენს ასპარეზზე, როგორიც გვაქვს... მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელიც გაერომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და რეზოლუციის წარმდგენებმა, ეს არის მშვიდობის მტრის სწორად იდენტიფიცირება ამ რეზოლუციაში. რუსეთის ფედერაცია სამი წლის განმავლობაში ძალადობს უკრაინელ ხალხზე, აწყობს გენოციდს და აწარმოებს სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად," - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა.

რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრობენ "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებიც.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რეზოლუცია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც მიმართულია ამ ომის დასრულებაზე ცალსახად და რომელიც დაიცავს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.