მიხეილ სააკაშვილი შიმშილს იწყებს? - რა გეგმა აქვს ამჯერად ექსპრეზიდენტს

სააკაშვილი

მსჯავრდებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მორიგ ულტიმატუმს უყენებს. ამჯერად ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები ჩაერთოს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სააკაშვილი შიმშილობის დაწყებას კიდევ ერთხელ აანონსებს.

ამ ულტიმატუმის პარალელურად, ცნობილი ხდება ისიც, რომ ექსპრეზიდენტი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს, რაც მისი განცხადებით, ქვეყანას გაჭირვებისგან იხსნის.
მოუწევს თუ არა სააკაშვილს კიდევ ერთხელ შიმშილობის დაწყება და რა ეკონომიკურ გეგმაზე შეიძლება, მუშაობდეს ექსპრეზიდენტი, საკითხზე „პრაიმტაიმთან“ დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში აქტუალიზაცია არ დაკარგოს, რისთვისაც ყველა ხერხს გამოიყენებს.

„ხელისუფლება სააკაშვილის ულტიმატუმებს მაინც და მაინც არ ითვალისწინებს. ხელისუფლება ისე იმოქმედებს, როგორც მისთვის არის მისაღები. დღეს სააკაშვილის მთავარი მიზანია, როგორმე საკუთარი პიროვნების აქტუალიზაცია მოახდინოს. ამას ემსახურება მისი განცხადება, რომ თითქოს, ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს და  საინტერესოა, საკანში, რა ეკონომიკურ გეგმას წერს.

სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ უნდა, მაგრამ ის, როგორც ჩანს, ელოდება, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის მოხდება გარიგება, მისი გადაცემას საკითხზე.  ჩემი ინფორმაციით, თემურ ალასანიაც იმისთვის იყო ჩამოსული საქართველოში, რომ მოეხდინა ამ საკითხის ლობირება, რომ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე, მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.